მილერი: ვუერთდებით მოწოდებებს არჩევნებზე დარღვევების სრული გამოძიების შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.
"ვუერთდებით მოწოდებებს არჩევნებზე დარღვევების სრული გამოძიების შესახებ... ჩვენ წელს მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ანტიდემოკრატიულ ქმედებები და ევროატლანტიკურ გზას დაბრუნებოდა. არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება," - აღნიშნა მან.
ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია სურს.
"საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და რეფორმების გასატარებლად ევროკავშირის აქამდე ცნობილი რეკომენდაციების შესრულებით," - თქვა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ასევე კითხვა დაუსვეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის თქმით, რომ აქციაზე შეკრებილებს სჯერათ, რომ ისინი აშშ-მა მიატოვა. მან მილერს ჰკითხა, თუ აქვს რაიმე სათქმელი აქციის მონაწილეებისთვის.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს ქართველების მშვიდობიანად შეკრების უფლებას. გვსურს, ვნახოთ სრული გამოძიება არჩევნებში სავარაუდო დარღვევების შესახებ," - განაცხადა მილერმა.
კითხვაზე, რატომ არ არის ნახსენები რუსეთი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში და მიიჩნევს თუ არა, რომ რუსები ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში, მილერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს შეფასება ამასთან დაკავშირებით.
"ამ ეტაპზე არ მაქვს შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის ჩარევის ბრალდებების მიღმაც კი, მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ვნახეთ რეპრესიები. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ჩარევა მისი არაერთი მეზობლის არჩევნებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მათი ჩარევა ჩვენს საკუთარ არჩევნებშიც. ჩვენ განვაგრძობთ ყურადღებით დაკვირვებას, მაგრამ არ მაქვს შეფასება ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით." - განაცხადა მილერმა.