მიმდინარე ომში აშშ-მა ირანის სამოქალაქო ობიექტი პირველად დაბომბა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა 2 აპრილს პირველად მიიტანეს იერიში ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსვლისას თქვა, რომ ირანს „ქვის ხანაში დააბრუნებდა“.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხიდზე თავდასხმა, რომელიც თეირანსა და ქალაქ ქარაჯს ერთმანეთთან აკავშირებდა, აშშ-ის სამხედრო სამიზნეების სავარაუდო გაფართოებაზე მიანიშნებს და შესაძლოა იყოს პირველი ნაბიჯი წყალმომარაგების, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებისკენ.

  • აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების მტკიცებით, ხიდზე დარტყმას სამხედრო მიზანი ჰქონდა, რათა ირანის შეიარაღებულ ძალებისთვის ხიდის მეშვეობით იარაღის გადაზიდვა აღეკვეთათ. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაიღუპა რვა ადამიანი, ხოლო 95 დაიჭრა.

  • აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა "Axios-ს" განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, სამიზნე გახდება სხვა ხიდებიც .

დონალდ ტრამპმა "Truth Social-ზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხიდის აფეთქება და ნაწილობრივ ჩამონგრევა ჩანს და დაწერა, რომ „დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის და სანამ საბოლოოდ არ განადგურებულა ის, რასაც ჯერ კიდევ აქვს შანსი, დიდებულ ქვეყნად იქცეს.“

ამის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა იმავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "შემდეგი სამიზნე ხიდები იქნება, მერე კი - ელექტროსადგურები! რეჟიმის ახალმა ხელმძღვანელობამ იცის, რა არის გასაკეთებელი და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად!"

ვითარება: თეირანისა და ქალაქ ქარაჯის დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმა 2 აპრილს მოხდა. ის ნაწილობრივ ჩაინგრა.

  • აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხიდი იანვარში გაიხსნა, ირანული ზოგიერთი გამოცემის ცნობით კი, ხიდი ჯერ კიდევ არ იყო ექსპლუატაციაში შესული.

ხიდზე თავდასხმამდე, დონალდ ტრამპმა მიმართვისას განაცხადა, რომ აშშ ირანს „განსაკუთრებით ძლიერად“ დაარტყამდა - მისი ვარაუდით, ეს პერიოდი სამხედრო ოპერაციის დასკვნითი 2-3 კვირა იქნება.

  • „ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია,“ - თქვა ტრამპმა გამოსვლისას ირანზე.

დეტალები: აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა Axios-ს განუცხადა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები ხიდს თეირანიდან ქვეყნის დასავლეთით მდებარე სარაკეტო გამშვებ პუნქტებამდე რაკეტებისა და მათი ნაწილების ფარულად გადასატანად იყენებდნენ. მისივე თქმით, ხიდი სამიზნე სწორედ ამიტომ გახდა.

  • მაღალჩინოსნის მტკიცებით, რაკეტების ნაწილები დიდი ყუთებითა და კონტეინერებით გადაჰქონდათ, მათი აწყობა კი უშუალოდ გამშვებ პუნქტებზე ხდებოდა.

  • ამავე წყაროს ცნობით, ხიდი ასევე გამოიყენებოდა თეირანში განლაგებული სამხედრო შენაერთების ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის.

  • თავდაცვის უწყების კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ხიდი დაახასიათა, როგორც წინასწარ განსაზღვრული სამხედრო მარშრუტი ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და მოიერიშე დრონების მარაგების შესავსებად, თუმცა არ დაუდასტურებია, რომ ობიექტი ამ დანიშნულებით უშუალოდ თავდასხმის მომენტშიც გამოიყენებოდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის „დაუმთავრებელ ხიდებზე“ თავდასხმა, ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს და ქვეყანა ომის შემდეგ ყველაფერს აღადგენს.

 

მსგავსი სიახლეები