მოკლე მიმოხილვა: რა შეუძლია მაკრონის მიერ დაპირებულ შორი რადიუსის რაკეტებს?

11 ივლისს, ვილნიუსში, ნატოს სამიტი დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერების არეალში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხია. 

სამიტის პირველ დღეს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი შორი რადიუსის რაკეტებს გადასცემს უკრაინას, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ დაადასტურა. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინას ახალი რაკეტები მივაწოდოთ, რაც მათ უფრო ღრმა დარტყმის საშუალებას მისცემს. მიმაჩნია, რომ დღევანდელ დღეს საჭიროა, უკრაინის მიმართ მხარდამჭერი გზავნილის გაკეთება, ნატოს ერთიანობა და სურვილი, რომ რუსეთმა არ და ვერ გაიმარჯვოს."- აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

ახალ, შორი რადიუსის რაკეტებს, რომლის უკრაინისთვის გადაცემაზეც დღეს ემანუელ მაკრონი საუბრობდა - სკალპი ეწოდება. ეს რაკეტა, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობით არის შექმნილი და საჰაერო გზით, მიწაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება. 

"სკალპის" გამოყენება 250 კილომეტრიან რადიუსში შეიძლება და ეს იქნება ყველაზე შორი რადიუსის რაკეტა, რომელიც უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნებს მიუწოდებიათ. 

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ახალი რაკეტების გადაცემა სრულად პასუხობს საფრანგეთის დოქტრინას, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გულისხმობს. 

ამ მოდელის რაკეტების გადაცემაზე საუბარი, ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. მაშინ, მაკრონმა განაცხადა, რომ სწავლობდნენ "დახმარების ყველა შესაძლო ვარიანტს," თუმცა იმ მომენტში, "სკალპის" გადაცემა არ განიხილებოდა. 

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ფრანგულ-ბრიტანულ რაკეტების გამოყენება, უფრო შორეულ მანძილზეც, მაგალითად 500 ან 700 კილომეტრზეც შეიძლება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია უშუალოდ მოდელზე.

სავარაუდოა, რომ "სკალპით" ისეთი სტრატეიგული ობიექტების განადგურება მოხდება, რომელიც საბრძოლო ხაზის უკან არის განლაგებული, მაგალითად - აღჭურვილობის საწყობები ან სამართავი ცენტრები. 

შორი რადიუსის რაკეტების გადმოცემას კიევი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. უკრაინელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონტრ-შეტევის ტემპისა და ეფექტურობის გაზრდას. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთს დაახლოებით 400 ერთეული რაკეტა გააჩნია. 

--------------

ამ ტიპის რაკეტები, უკრაინელებმა, პირველად გაერთიანებული სამეფოსგან, მიმდინარე წლის მაისში მიიღეს.

უკვე დადასტურებულია, რომ ბრიტანელების მიერ გადაცემული Shtorm Shadow-ს (ფრანგული "სკალპის" ანალოგი) დასახელების ჭურვები, ფრონტის ხაზზე რამდენიმეჯერ გამოიყენეს. 

12 ივნისს, სწორად ამ რაკეტის გამოყენებით მოკლეს სერგეი გორიაჩევი, რუსი გენერალ-მაიორი, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში იმყოფებოდა. იგი 35-ე გაერთიანებული არმიის შტაბის უფროსი იყო.

მოგვიანებით, 22 ივნისს, ეს რაკეტა გამოიყენეს უკრაინელებმა ჩონგარის ხიდის ასაფეთქებლად, რომელიც ანექსირებულ ყირიმსა და ხერსონს ერთმანეთთან აკავშირებდა, რითიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ლოჯისტიკური პრობლემები შეექმნა. 

უკრაინელები საჯაროდ ამბობენ, რომ ანგლო-ფრანგული წარმოების რაკეტებს, რუსეთის ტერიტორიებზე არ გამოიყენებენ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რამაც ჯერ ბრიტანეთის, ხოლო ამიერიდან საფრანგეთის მიერ, შორი რადიუსის ჭურვების გადაცემა შესაძლებელი გახადა. 

მსგავსი სიახლეები