მოლდოვაში პრორუსული პარტია "შორი" არაკონსტიტუციურად გამოცხადდა
19 ივნისს, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია შორის საქმიანობა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
სასამართლოს დასკვნის მიხედვით, პოლიტიკური ძალა კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოიქცა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნა.
გადაწყვეტილება კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიღეს, რომლის თანახმადაც: "პარტიები და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთა მიზნები ან საქმიანობა მიმართულია პოლიტიკური პლურალიზმის, კანონის უზენაესობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურია."
მოლდოვის მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნით მიმართა.
მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პარტიამ არაერთხელ დაარღვია პოლიტიკური ძალების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა და თანამშრომლობს რუსეთთან, მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. გარდა ამისა, პოლიტიკური ძალის ლიდერი ილან შორი "მილიარდის ქურდობის" საქმეში მონაწილეობისთვის აშშ-ის მიერ სანქცირებულია.
შორის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პარტია უკვე დაისაჯა ფინანსური დარღვევებისთვის, ამიტომ იმავე დარღვევისთვის მისი არაკონსტიტუციურად აღიარება შეიძლება მეორე სასჯლად ჩაითვალოს.