მოლდოვის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ГРУ-ს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა - The Insider
მოლდოვის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, იგორ გორგანი, რეგულარულად აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვას. ამის შესახებ 5 ივნისს, ონლაინ გამოცემა The Insider წერს.
ის რუსეთის სამხედრო დაზვერვას მის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტების მონაცემებს უგზავნიდა, რომლებმაც სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა მათი შეიარაღებული ძალებისთვის შეიძინეს.
რუსულმა გამოცემამ მოიპოვა გორგანის მიმოწერა მის "კურატორთან" ГРУ-ს მთავარ დირექტორატში, პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვთან.
"მოლდოვას თავდაცვის სამინისტროში თავისი ძველი კავშირების გამოყენებით, გორგანი რჩება ГРУ-ს მნიშვნელოვან ინფორმატორად," - ხაზგასმულია მასალაში.
იგორ გორგანი გენერალური შტაბის უფროსის პოსტიდან 2021 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც მაია სანდუ პრეზიდენტად აირჩიეს. იმავდროულად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც ადგილობრივ თანამდებობის პირებს შორის, მისი მრავალი "პროტეჟე" დარჩა, რომლებიც მას საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.
The Insider ვარაუდობს, რომ იგორ გორგანმა და ალექსეი მაკაროვმა აქტიური ურთიერთობა 2004 წელს დაიწყეს, როდესაც გორგანი ნატოს მისიაში მსახურობდა.
მასზე "კურატორობა" მაკაროვს 2019 წელს გადაეცა და მათი კომუნიკაცია განსაკუთრებით 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.
გორგანმა კონტაქტები შეინარჩუნა კიშინიოვში რუსეთის სამხედრო ატაშე ვადიმ უხნალევთანაც, რომელიც ახლა ყაზახეთში სამხედრო ატაშეს თანამდებობას იკავებს.
გამოცემა აღნიშნავს, მაკაროვთან მიმოწერისას გორგანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში "ყველაფერი მზად არის რუსული ჯარების შესვლისთვის" და მოლდოვას "სასწრაფოდ სჭირდება ქვეყნის გაწმენდა."