მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის საელჩოში დარჩენილ დიპლომატებს რჩევა მისცა
მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოში დარჩენილი პერსონალი დიპლომატიურ მუშაობაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ამის შესახებ მან საზღვარგარეთ აკრედიტებული მოლდოველი დიპლომატების შეხვედრის დასასრულს განაცხადა.
მისი თქმით, "რუსეთის საელჩოში საკმარისი რაოდენობის თანამშრომელი დარჩა, რომლებიც დიპლომატიურ მუშაობაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული."
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "კიშინოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა უმეტესობა არ ზრუნავს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და არ არის დაკავებული დიპლომატიური საქმიანობით."
"დიპლომატების და ტექნიკური პერსონალის მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო ჩართული სხვა საქმიანობაში, რამაც ზიანი მიაყენა მოლდოვის რესპუბლიკას, მათ შორის სიტუაციის დესტაბილიზაციაში და შიდა საქმეებში ჩარევაში," - თქვა პოპესკუმ.
მინისტრის თქმით, "დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ ჩართულნი დიპლომატიურ საქმიანობაში, იმუშაონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად."
26 ივლისს მოლდოვამ კიშინოვში რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოლდოვის მთავრობამ ეს ნაბიჯი გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გადადგა, რომლის დროსაც ჟურნალისტებმა კიშინოვში რუსეთის საელჩოს სახურავზე 28 ანტენა და სატელიტური თეფში დათვალეს, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები, სავარაუდოდ, მოლდოვის ხელისუფლების თვალთვალისთვის იყენებენ.
გაძევებული რუსი დიპლომატების ნაწილი კიშინოვიდან 14 აგვისტოს გაფრინდა.