მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე პუტინი 18-19 ივნისს ჩრ. კორეას ეწვევა
18-19 ივნისს ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - ეს ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება 2000 წლის შემდეგ.
ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე გაიმართება - უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთმა გასულ თვეებში ასი ათასობით კორეული ჭურვი და ათობით ბალისტიკური რაკეტა მიიღო.
ცნობილია ჩრდილო კორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის, ტრეისი ნიუელის თქმით, 2023 წლის მიწურულიდან ამ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 11 ათასი კონტეინერი საბრძოლო მასალა მიიღო.
სამხედრო ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის ჩრდილოეთ კორეა 2006 წლიდან გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება, რომელსაც რუსეთიც შეუერთდა. სამხედრო თანამშრომლობა ამ სანქციებს არღვევს.
დასავლური წყაროების ცნობით, შეიარაღების სანაცვლოდ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ნავთობ პროდუქტებს აწვდის.