ნარიშკინი: საფრანგეთი უკვე ამზადებს 2-ათასიან კონტინგენტს უკრაინაში გასაგზავნად

რუსეთის საგარეო დაზვერვის (CВР) დირექტორის ცნობით, საფრანგეთი უკვე ემზადება უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გასაგზავნად. 

სერგეი ნარიშკინის ციტატას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (ТАСС) ავრცელებს. 

CВР-ის დირექტორის თქმით, რუსეთს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადება დაწყებულია და საწყის ეტაპზე საუბარია 2-ათასამდე სამხედროზე. 

"საფრანგეთის მოქმედ ხელმძღვანელობს არ ადარდებს რიგითი ფრანგები და მათი გენერალიტეტის წუხილები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საფრანგეთი უკვე ამზადებს სამხედრო კონტინგენტს უკრაინაში გასაგზავნად",- განაცხადა ნარიშკინმა. 

მისივე თქმით, საფრანგეთში შიშობენ, რომ ვერ შეძლებენ ამ რაოდენობის ჯარისკაცების შეუმჩნევლად გადასროლას და დაბინავებას. "ისინი ხვდებიან, რომ ეს კონტინგენტი რუსეთის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული სამიზნე გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ ეს კონტინგენტი გაიზიარებს იმ ფრანგეების ბედს, რომლებიც ოდესმე ხმლით მოსულან რუსულ მიწაზე",- ამბობს ნარიშკინი. 

კონტექსტი 

ამგვარად ნარიშკინი ემანუელი მაკრონის პოზიციებს გამოეხმაურა. თებერვლის მიწურულს პარიზში ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. 

უკვე 15 მარტს ფრანგული ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ფრონტზე ვითარების გაუარესების ფონზე მზად იქნება იმოქმედოს რათა არ დაუშვას რუსეთის გამარჯვება. ამასთანავე, მაკრონმა განმარტა, რომ საფრანგეთი არ აიღებს ინიციატივას საომარ მოქმედებებში. 

მაკრონმა უკრაინაში მიმდინარე ომს საფრანგეთისა და ევროპისთვის "ეგზისტენციალური" უწოდა და განაცხადა, რომ მთელი კონტინენტისთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. 

მსგავსი სიახლეები