ნეთანიაჰუ და დერი სასამართლო რეფორმის შეჩერებას ემხრობიან - ისრაელის მედია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების პარტია "შასის" ლიდერი არიე დერი სასამართლო რეფორმის შეჩერებას ემხრობიან. ამის შესახებ The Times of Israel წერს.

სამთავრობო კოალიციაში მყოფი ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების მეორე პარტია, "გაერთიანებული თორის იუდაიზმი" აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ნეთანიაჰუს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

არიე დერი ისრაელის სამთავრობო კოალიციის მეორე ყველაზე გავლენიანი პირია. მისი პარტია "შასი" კოალციის 64 მანდატიდან 11-ს აკონტროლებს.

კომპრომისულ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი ლევინი და ეროვნული უშიშროების მინისტრი ბენ გვირი ეწინააღმდეგებიან.

26 მარტს ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ფონზე, გალანტის მსგავსად ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდის" სხვა წევრებმაც მოითხოვეს სასამართლო რეფორმის შეჩერება.

განხეთქილება ნეთანიაჰუს კოალიციაში

ისრაელის მინისტრმა დიასპორის საკითხებში, "ლიკუდის" წევრმა ამიხაი ჩიკლი მთავრობას მოუწოდა სასამართლო რეფორმა შეაჩეროს.

"უნდა აღიაროთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ დავკარგეთ მიმართულება", - ამბობს ის ვრცელ განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრი, "ლიკუდის" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი ნირ ბარკატი ავრცელებს განცხადებას, სადაც ვარაუდობს, რომ ნეთანიაჰუ შეაჩერებს სასამართლო რეფორმას და წინასწარ უცხადებს მას მხარდაჭერას.

"ისრაელის სახელმწიფო ყველაფერზე მაღლა დგას", - ამბობს ბარკატი. "ისრაელის ხალხი ყველაფერზე უპირატესია. მე მხარს დავუჭერ პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილებას შეაჩეროს [სასამართლო რეფორმა] და ახალი კურსი აიღოს. რეფორმა აუცილებელია და ჩვენ მას განვახორციელებთ - მაგრამ არა სამოქალაქო ომის ფასად."

მიკი ზოჰარი, კულტურისა და სპორტის მინისტრი "ლიკუდიდან", არსებულ ვითარებას გაუსაძლისად აფასებს და ამბობს, რომ "თუ ნეთანიაჰუ გადაწყვეტს შეაჩეროს რეფორმა, მას მხარი უნდა დავუჭიროთ."

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა ახლა უნდა შეჩერდეს, "იმისთვის, რომ ყველაფერი დაწყნარდეს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს რეფორმა - უფრო ჭკვიანურად… და უკეთესი ახსნა-განმარტებით."

ისრაელის მე-12 არხი იუწყება, რომ ნეთანიაჰუ 27 მარტს, დილით, სასამართლო რეფორმის შეჩერების გამოაცხადებას განიხილავს, მაგრამ ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი იარივ ლევინი გადადგომით იმუქრება.

 საპროტესტო აქციები ზედიზედ მესამე თვეა გრძელდება

ისრაელში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. მოქალაქეები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც ახალი მთავრობის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

რეფორმის გატარების შემდეგ, მოსამართლეების შერჩევის პროცესზე მთავრობის გავლენა გაიზრდება და ქნესეთს უფლება ექნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასინჯოს.

20 თებერვალს ისრაელის პარლამენტმა რეფორმის ნაწილი პირველი მოსმენით დაამტკიცა.  

მსგავსი სიახლეები