ნეთანიაჰუ: ჰამასის ათობით ტერორისტის ჩაბარება დასასრულის დასაწყისის ნიშანია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ჰამასის ათობით ტერორისტი ჩაბარდა ისრაელის თავდაცვის ძალებს, რაც, მისი თქმით, ჰამასის მარცხზე მეტყველებს.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰამასის ათობით ტერორისტი ჩაბარდა ჩვენს ძალებს. მათ იარაღი დაყარეს და ჩვენს მამაც მებრძოლებს გადასცეს," - ნათქვამია ნეთანიაჰუს ვიდეო მიმართვაში.

"ამას მეტი დრო დასჭირდება, ომი კვლავ სრული ძალით მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის ჰამასის დასასრულის დასაწყისი," - აღნიშნა მან. "მე ვეუბნები ჰამასის ტერორისტებს: ეს დასასრულია. ნუ მოკვდებით სინვარისთვის. ახლავე დანებდით."

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ჰამასის მებრძოლების მასობრივი დანებების კადრები გავრცელდა. ვიდეოებში ჩანს, რომ გაშიშვლებული მამაკაცები ერთად არიან დაჯგუფებული და იარაღს კონკრეტულ ადგილას ყრიან. ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩრდილეთ ღაზაში, ჯაბალიაში დაჩოქილი ათობით შიშველი მამაკაცი ჩანს.

ამ საკითხზე შეკითხვა ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს, მარკ რეგევს Sky News-ის ჟურნალისტმა დაუსვა. მას ჰკითხეს, რომ ზამთარში ადამიანების გაშიშვლების და დამცირების საჭიროება რატომ არსებობდა, რაზეც რეგევმა უპასუხა: "ეს ახლო აღმოსავლეთია და აქ უფრო თბილა და განსაკუთრებით დღის განმავლობაში, როცა მზეა. როდესაც პერანგის გახდას გთხოვენ, შეიძლება ეს სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ არც სამყაროს დასასრულია."

მსგავსი სიახლეები