ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი "გრძელ და რთულ ომს" იწყებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი "გრძელ და რთულ ომს იწყებს," რაც ქვეყანას "ჰამასის სიკვდილიანმა შეტევამ აიძულა."

ნეთანიაჰუ X-ზე წერს, რომ ომის პირველი ეტაპი მოიცავს "მტრის ძალების უმეტესი ნაწილის განადგურებას," რომლებიც ისრაელში შევიდნენ და მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები მოკლეს.

ისრაელმა ასევე შეტევა დაიწყო ღაზაში "და ის გაგრძელდება უყოყმანოდ და შესვენების გარეშე - სანამ მიზნები არ მიიღწევა."

"ჩვენ აღვადგენთ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას და გავიმარჯვებთ," - წერს ის.

კონტექსტი

შაბათს დილით, პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე მასშტაბური სახმელეთო და სარაკეტო შეტევა დაიწყო.

ყველასთვის მოულოდნელად, "ჰამასის" მებრძოლებმა ბლოკადაში მყოფი ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის ბლოკპოსტები გაარღვიეს და სამხრეთ ისრაელში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ.

პარალელურად დაიწყო სარაკეტო შეტევაც. სხვადსხვა ცნობებით, ისრაელის მიმართულებით გაისროლეს 5000-დან 7000-მდე რაკეტა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბერს სულ მცირე 1590 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოებში მკურნალობს.

23:30 საათის მდგომარეობით, 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 293 მძიმე, 315 საშუალო სიმძიმის, 715 მსუბუქი, 181-ის ევაკუაცია კი ამ დრომდე მკურნალობს. სავარაუდოდ, დაღუპულია მინიმუმ 250 ადამიანი, თუმცა, ეს რიცხვი გაიზრდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია.

ოპოზიციური პარტია "ეროვნული ერთიანობის" ლიდერმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი "სრულიად ერთიანია."

მსგავსი სიახლეები