ნეთანიაჰუ საბერძნეთისა და კვიპროსის ლიდერებს შეხვდა და ერდოღანი გააფრთხილა
ორშაბათს, იერუსალიმში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის მეტოქე ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს შესაძლებლობა გამოიყენა საერთაშორისო ასპარეზზე მისი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის გაფრთხილების გასაგზავნად.
ვითარების არსი: საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისისა და კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდისის გვერდით მდგომმა ნეთანიაჰუმ, თურქეთზე აშკარა მინიშნებით განაცხადა, რომ ვინც ოცნებობს, რომ შეუძლია აღადგინოს იმპერია (ოსმალეთის იმპერია - რედ.) და მათ მიწებზე ბატონობა, ეს უნდა დაივიწყოს.
- ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მართალია წარსულში მათი ქვეყანები იმპერიებმა დაიპყრეს, მაგრამ სიმამაცითა და თავგანწირვით მათ თანამედროვე ეპოქაში დამოუკიდებლობას მიაღწიეს.
- მისივე თქმით, ისინი მზად არიან საკუთარი თავის დასაცავად და მათი თანამშრომლობა ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო აძლიერებს.
ჩაშლილად: ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის დროს, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰამასი შეაქო და ისრაელი გენოციდში დაადანაშაულა.
- თურქეთმა შეაჩერა ვაჭრობა ისრაელთან, ჩაკეტა საჰაერო სივრცე ისრაელის თვითმფრინავებისთვის და გამოსცა დაკავების ორდერები 37 ისრაელელ მაღალჩინოსანზე, მათ შორის ნეთანიაჰუზე.
- თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცდილობს ჩაერთოს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ღაზას საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში, მაგრამ ისრაელი ამ იდეის დაბლოკვას ცდილობს.
- საბერძნეთის ურთიერთობა მის აღმოსავლელ მეზობელთან კვლავ დაძაბულია ისტორიული უთანხმოებების, საზღვაო აკვატორიის გაყოფაზე დავის, ენერგორესურსებისა და საჰაერო სივრცის გამო.
- კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი 1974 წლის თურქული ინტერვენციის შემდეგ ოკუპირებულია.
- თურქეთი კუნძულის ნაწილზე კონტროლს კვიპროსის წყლებში ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად იყენებს.
დიდი სურათი: იერუსალიმის სამმხრივ სამიტამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი განიხილავენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალების შექმნას თურქეთის შეკავების მიზნით.
- სამიტის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც შეთანხმდნენ უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო საკითხებში სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
- დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობა და საზღვაო გზებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.
- ლიდერებმა მხარდაჭერა გამოხატეს ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმისადმი და მოითხოვეს მოკლული ისრაელელი მძევლის, უფროსი სერჟანტი რან გვილის ცხედრის დაუყოვნებლივ დაბრუნება და ჰამასის განიარაღება.
- ისინი ასევე მიესალმნენ ისრაელსა და ლიბანს შორის ბოლოდროინდელ პირდაპირ დიალოგს.
- ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ლიბანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2024 წლის ნოემბრის შეთანხმებების შესრულებას, რამაც შესაძლოა გზა გახსნას ისრაელსა და ლიბანს შორის ნორმალიზაციისკენ.
კონტექსტი: ორშაბათს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შეხვდა კვიპროსის პრეზიდენტს და განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება და ისრაელ-ეგვიპტის გაზის ექსპორტის შეთანხმების მნიშვნელობა.