ნორვეგიაში ნატომ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
ჩრდილოატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა ნორვეგიაში ერთობლივი წვრთნები დაიწყო.
„სუსხიანი პასუხი 2022“, რომლის ჩატარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე იგეგმებოდა, ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან 30 000 სამხედროს, 200 თვითმფრინავს და 50 ხომალდს მოუყრის თავს.
ალიანსის წევრებზე მოსალოდნელი რუსული აგრესიის ფონზე სამხედრო წვრთნებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
„ეს თავდაცვითი სწავლებაა და შეტევით მანევრებს არ ითვალისწინებს“, - განაცხადა წვრთნების სარდალმა, გენერალმა ინგვე ოდლომ.
„სუსხიან პასუხში“, წინა სწავლებების მსგავსად, მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის და ფინეთის შეიარაღებული ძალები.
ორი სკანდინავიური ქვეყანა ალიანსის წევრი არ არის და მათზე მეხუთე, კოლექტიური უსაფრთხოების მუხლი არ ვრცელდება.
გაზრდილი გეოპოლიტიკური და სამხედრო საფრთხეების ფონზე ჰელსინკიში და სტოკჰოლმში ნატოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ფიქრობენ.