NYT: რუსეთში სირიელი მებრძოლები ჩავიდნენ, რომლებსაც უკრაინის ომში გაგზავნიან
რუსეთში სირიის არმიის სხვადასხვა დანაყოფიდან 300-მდე სამხედრო ჩავიდა, რომლებიც უკრაინაში გადასროლამდე წვრთნებს გადიან, წერს New York Times-ი დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით.
რუსეთში ჩასული დანაყოფი მანამდე სირიაში მყოფ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.
პარალელურად, რუსეთი სირიაში დაქირავებულების რეკრუტირებას ახდენს.
რეკრუტირების მსურველებს სირიის უსაფრთხოების ძალები ამოწმებენ, რის შემდეგადაც მათ რუსი ოფიცრები გაწვრთნიან, წერს გამოცემა.
ბოლო წლებში სირიამ დაქირავებული მებრძოლების „ექსპორტით“ გაითქვა სახელი.
სირიელი დაქირავებულები, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება სირიის სამოქალაქო ომში აქვთ მიღებული, სხვადასხვა დროს ლიბიაში, აზერბაიჯანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იბრძოდნენ.
„დაქირავებულების ძირითადი მოტივაცია ანაზღაურებაა“, - ამბობს სირიელი ანალიტიკოსი ბასან ალ-აჰმადი.
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში უკვე გაგზავნა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის 1000-მდე მებრძოლი, რომლებიც ძირითადად დონბასში არიან დისლოცირებული.