ოლაფ შოლცმა პოტსდამში ემანუელ მაკრონი მიიღო
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბერლინის მახლობლად, ქალაქ პოტსდამში მიიღო, სადაც თავად ცხოვრობს.
შოლცმა ფრანგ კოლეგას ნახევარი საათის განმავლობაში ისტორიული ქალაქი დაათვალიერებინა, გამვლელებმა კი მათთან სურათებიც გადაიღეს.
მოგვიანებით, ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა მიშელინის ვარსკვლავიან რესტორან კოხციმერში ისადილეს.
გერმანული მედია იუწყება, რომ სადილი დაგეგმილზე დიდხანს, სამ საათს გაგრძელდა.
მედიის ცნობით, ლიდერების საუბრის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროკავშირის სახელმწიფო ვალის წესების რეფორმა იყო. ეს უკანასკნელი გერმანიასა და საფრანგეთს შორის განხეთქილების საგანს წარმოადგენს.
"ჩვენს ქვეყნებს განუყრელი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ ერთად ვუმკლავდებით დღევანდელ და ჩვენი ეპოქის გამოწვევებს", - დაწერა მოგვიანებით ოლაფ შოლცმა გერმანულად და ფრანგულად.
შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერსა და ემანუელ მაკრონს აქამდე არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
შარშან კონფლიქტური ვითარების გამო მინისტრთა საბჭოს ერთობლივი სხდომაც გადაიდო, თუმცა იანვარში, ფრანგულ-გერმანული მეგობრობის შეთანხმების 60 წლის თავზე, მაინც გაიმართა.
ემანუელ მაკრონი გერმანიას მორიგ ჯერზე 2 ივლისს, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით სამდღიანი ვიზიტით ეწვევა.