ორბანი დღეს კიევს ეწვევა - The Guardian
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სამშაბათს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ამის შესახებ The Guardian წყაროზე დაყრდნობით წერს.
"სამშაბათს, ვიქტორ ორბანი კიევს ეწვევა... ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრორუსი ლიდერი, რომელმაც ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობა მიიღო, მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვევა." - აღნიშნავს გამოცემა.
ბუდაპეშტიდან ორმა წყარომ განაცხადა, რომ ორბანი, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდება. ეს იქნება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
The Guardian წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა შესაძლო ვიზიტზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მაგრამ კიდევ ერთმა წყარომ კიევში დაადასტურა ეს გეგმა.
"ორბანი ხვალ აქ იქნება, თუ ბოლო წუთს ცვლილებები არ მოხდება," - თქვა წყარომ.
ბუდაპეშტიდან ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ ვიზიტი უკრაინის უნგრულად მოსაუბრე უმცირესობის უფლებებზე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდა.
"შეხვედრის წინაპირობა იყო ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხის გადაწყვეტა. ბოლო კვირებში შეთანხმებას მივაღწიეთ. ისინი შეძლებენ ამის წარმატებად გამოცხადებას," - თქვა წყარომ ბუდაპეშტში, რომელიც იცნობს საკითხს.
ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის სამხედრო დახმარებას და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ორბანმა ზელენსკი შეიყვანა იმ "ოპონენტების" სიაში, რომლებიც თითქოს მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ და მხარს უჭერდნენ ოპოზიციას.
იმავდროულად, ბუდაპეშტმა ღია დატოვა კომუნიკაციის არხები მოსკოვთან და ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო, ომის დაწყების შემდეგ, სულ ცოტა ხუთჯერ ეწვია რუსეთს.