ოსტინი: აშშ მალე უკრაინას $2.3 მილიარდის ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მალე გამოაცხადებს 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინის სამხედრო დახმარებას, რომელიც მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და საბრძოლო მასალას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
დამატებითი დახმარების შესახებ განცხადება ოსტინმა პენტაგონში, უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"აშშ მალე გამოაცხადებს 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ დახმარებას," - თქვა ოსტინმა უმეროვთან შეხვედრის დასაწყისში. "ეს პაკეტი... უზრუნველყოფს მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა კრიტიკულ საბრძოლო მასალას."
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა მხოლოდ გასულ კვირას უკრაინის ტერიტორიაზე 800-ზე მეტი მართვადი ბომბი ჩამოაგდო. მან დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, შეამსუბუქონ შეზღუდვები დასავლური იარაღის რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად გამოყენებაზე. კერძოდ, მან თქვა, რომ უკრაინას სჭირდება "აუცილებელი საშუალებები, რათა გაანადგუროს ამ ბომბების მატარებლები, კერძოდ, საბრძოლო თვითმფრინავები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი."
ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინას, სხვა შეიარაღებასთან ერთად, HAWK-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებს გადასცემს.