პენსის თქმით, ტრამპის დაპირება უკრაინაზე მოითხოვს "პუტინისთვის იმის მიცემას, რაც მას სურდა"
ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ორშაბათს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომ მას უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება შეუძლია.
პენსს Fox News-ზე ჰკითხეს, როგორ დასრულდება უკრაინაში ომი.
"ვფიქრობ, ეს დამთავრდება უკრაინელებისთვის იმის მიცემით, რაც მათ გასამარჯვებლად სჭირდებათ," - თქვა მან. "ყოფილ პრეზიდენტს უყვარს ამის ერთ დღეში მოგვარებაზე საუბარი. ამ ომის ერთ დღეში დასრულების ერთადერთი გზა, არის ვლადიმერ პუტინისთვის იმის მიცემა, რაც მას სურდა."
პენსმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი სავარაუდოდ, სხვა მეზობელ ქვეყნებსაც შეუტევს, თუ ის უკრაინის გადალახვას შეძლებს. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ლიეტუვაზე, ესტონეთზე და ლატვიაზე მიუთითა.
"და ეს იქნება ქვეყნები, სადაც ჩვენ უნდა გავგზავნოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები, რათა წავიდნენ და იბრძოლონ ჩვენი ნატოს ხელშეკრულების შესაბამისად," - თქვა პენსმა. "და მაშასადამე, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, მათ მივცეთ ის, რაც სჭირდებათ, რათა იქ შეაჩერონ, იქ მოიგერიონ. და არ შეცდეთ ამაში… [ეს] ყველაზე ეფექტური გზაა ჩინეთისთვის გზავნილის გასაგზავნად, რომ ამერიკა და დასავლეთი არ მოითმენენ რუსეთის ან ჩინეთის სამხედრო აგრესიას, რათა ძალის გამოყენებით გადახაზონ საერთაშორისო ხაზები."
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის კონფლიქტის ერთ დღეში დასრულებას შეძლებს, თუმცა მან არ დააკონკრეტა, როგორ გააკეთებს ამას. ის ასევე ამტკიცებდა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა ითამაშოს ასეთი მნიშვნელოვანი როლი უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნაში.