პენტაგონი: რუსეთის არმია დონბასში გრაფიკს რამდენიმე დღით ჩამორჩება
პენტაგონში აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობა ყოველდღიურ ანონიმურ ბრიფინგზე მიმოიხილეს.
აშშ-ს დაცვის უწყების ცნობით, საოკუპაციო ძალების სამხედრო კამპანია დონბასში, რომლის მიზანიც რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება იყო უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე დაგეგმილი იყო.
პენტაგონის მაღალჩინოსნის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები თავდაპირველად განსაზღვრულ გრაფიკს, როგორც მინიმუმ, რამდენიმე დღით ჩამორჩებიან.
მოვლენათა ამგვარი განვითარების მიზეზად უწყებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურ წინააღმდეგობას და კიევის ბრძოლისთვის განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მომეტებულ სიფრთხილეს ასახელებენ. რუსული არმიის სიფრთხილეზე მიანიშნებს ის, რომ ისინი მაქსიმალურად ფრთხილობენ არ მოწყდნენ მომარაგების მთავარ ხაზს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავაც ამზადებენ ნიადაგს უფრო ფართომასშტაბიანი შეტევისთვის", - განაცხადა უწყების მაღალჩინოსანმა.
აშშ-ს თავდაცვის უწყების ცნობით, დონბასში რუსეთს მობილიზებული ჰყავს 92 ე.წ. ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება, კიდევ რამდენიმე დაჯგუფება საზღვართან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზეა დაბანაკებული.
რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, პენტაგონში ეჭვი ეპარებათ ამ შენაერთების ბრძოლისუნარიანობაში, რადგან მათმა ნაწილმა უმძიმეს ბრძოლებში რამდენიმე კვირა გაატარა.
დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეზღუდული წინსვლის შესახებ იყო საუბარი პენტაგონში 28 აპრილს გამართულ ბრიფინგზეც.