პენტაგონი: რუსეთის წინსვლა დონბასში საუკეთესო შემთხვევაში მინიმალურია
აშშ-ს თავდაცვის უწყებაში ანონიმურ ბრიფინგზე უკრაინაში შექმნილი საომარი მდგომარეობა შეაფასეს. პენტაგონის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლა დონბასში მინიმალურია.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსანი ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებს და მათ მიერ მიღწეულ პროგრესს ახასიათებს როგორც "ძალიან მოკრძალებულს და არამდგარდს".
ამგვარი ტაქტიკის მიზეზად კიევის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მომეტებულ სიფრთხილეს ასახელებენ, რისი მთავარი მიზეზიც დიდი დანაკარგების თავიდან აცილებაა.
პენტაგონის ცნობით რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კვლავ გადაუჭრელია გამართული კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემა, პრობლემებია ლოჯისტიკური კუთხითაც და ასევე, საბრძოლო სულისკვეთების კუთხითაც.
"ისინი იკავებენ დასახლებულ პუნქტს, შემდეგ მალევე გადიან იქიდან და კონტროლს უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრუნებენ",- განაცხადა აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
დონბასში არსებული მძიმე პრობლემების გარდა რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის ფრონტის ხაზმა დაახლოებით 30 კილომეტრით გადაიწია ხარკოვის მიმართულებიდანაც.
პენტაგონის მაღალჩინოსნის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების "ეფექტურმა კონტრშეტევამ" რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ მისცა საშუალება დაწინაურებულიყო სამხრეთით და ალყაში მოექციათ დონბასში გამაგრებული უკრაინული არმიის დიდი შენაერთები.
პენტაგონის წარმომადგენელმა, ასევე დაადასტურა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის უკრაინაში ჩასვლის შესახებ გავრცელებული ცნობებიც.
ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 30 აპრილის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის წარმატებული გარღვევის შანსი ყოველდღიუად მცირდება.
29 აპრილს გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან.
იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი.