პესკოვი: რეფერენდუმების შემდეგ უკრაინის შეტევებს რუსეთზე თავდასხმად ჩავთვლით

კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ უკრაინის არმიის იერიშებს დონბასზე რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმის კვალიფიკაციას მისცემს. 

პესკოვის განცხდებას TACC ავრცელებს. მასალაში ნათქვამია, რომ დმიტრი პესკოვმა დადებითად უპასუხა შემდეგნაირად ფორმულირებულ კითხვას: "რეფერენდუმებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში კიევის მხრიდან ამ ტერიტორიების დაბრუნების მცდელობა აღქმული იქნება თუ არა თავდასხმად რუსეთის ტერიტორიაზე?" 

"რა თქმა უნდა"- უპასუხა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინის ტერიტორიების ანექსირების შემდეგ, ამ ტერიტორიებზე რუსეთის კონსტიტუცია ამოქმედდება. 

კონტექსტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სექტემბრის დასაწყისში წამოწყებული წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ. 

უკრაინის არმიის მხრიდან გაძლიერებული წნეხისა და ფრონტზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე რუსი პროპაგანდისტები და ურაპატრიოტები ვლადიმირ პუტინს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიკენ მოუწოდებდნენ. 

20 სექტემბერს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. 

მალევე ლუჰანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სეტქემბრის პერიოდში ჩატარდება. 

მალევე დონბასის ე.წ. რესპუბლიკებს შეურთდნენ რუსი კოლაბორანტები ოკუპირებულ ზაპორიიჟისა და ხერსონის ოლქებში. რეფერენდუმი აქაც იმავე თარიღებში ჩაინიშნა.

მალევე დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.

გუშინვე რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სამხედრო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ცნებას ამკვიდრებს. 

უკვე საღამოს ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს.

ვლადიმირ პუტინის ოთხჯერ გადადებული მიმართვა კრემლმა 21 სექტემბერს დილის საათებში გაავრცელა. ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა. 

სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი ჯამურად 300 ათასი რეზერვისტის მობილიზებას აპირებს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვიდან საზღვარგარეთის ფრენებზე ყველა ბილეთი გაიყიდა

მსგავსი სიახლეები