პოლონეთის ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
პოლონეთის აპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სამმა ოპოზიციურმა ძალამ პარასკევს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც გზას გაუხსნის ახალ კოალიციურ მთავრობას. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლამდე მოცდა მოუწევთ, რადგან პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის შექმნის მანდატი მოქმედ პრემიერ მატეუშ მორავიეცკის მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ მორავიეცკის კანონისა და სამართლიანობის პარტია პირველ ადგილზე გავიდა, მას საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა არ გააჩნია (460-წევრიან სეიმში 194 მანდატი. - რედ.) და კოალიციას ვერ ჩამოაყალიბებს.
სამი ოპოზიციური პარტიის კოალიციას კი ჯამში 248 მანდატი აქვს. მასში მემარჯვენე ცენტრისული სამოქალაქო პლატფორმა, მემარცხენე ბლოკი ახალი მემარცხენეები და კონსერვატორი ჟურნალისტის, შიმონ ჰოლოვნიას ბლოკი მესამე გზა შედიან.
კოალიციას პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უხელმძღვანელებს.
"დღეიდან ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს სამშობლოზე," - თქვა ტუსკმა და აღნიშნა, რომ შეთანხმება განსაზღვრავს "ჩვენი სამუშაოს საგზაო რუკას და რეკომენდაციებს."
სენატისა და სეიმის ახლად არჩეული დეპუტატები პირველად ორშაბათს შეხვდებიან. ამის შემდეგ მორავიეცკის ორი კვირა მთავრობის ფორმირების მცდელობისთვის ექნება, რის შემდეგაც სეიმში უმრავლესობა საკუთარი კანდიდატის წარდგენას შეძლებს.
რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები?
პარასკევის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მიერ შემოღებული აბორტის თითქმის სრული აკრძალვა გაუქმდება.
კოალიცია ასევე საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის აღდგენაზე და სახელმწიფო კომპანიების დეპოლიტიზებაზე შეთანხმდა.
გარდა ამისა, შეთანხმებაში საუბარია სასამართლოსა და პროკურატურის დეპოლიტიზაციაზე და ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის აღდგენაზე.
"ჩვენს შეთანხმებაში ვიპოვეთ საერთო წერტილები იმ საკითხებზე, რომელთა განხორციელებაც გვინდა. ეს ეხება: ოჯახებს, მეწარმეებს, პოლონეთის სოფელს, განათლებას, ჯანდაცვასა და ქალთა უფლებებს." - თქვა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა, მესამე გზის ბლოკის შემადგენელი ერთ-ერთი პარტიის, პოლონეთის სახალხო პარტიის ლიდერმა.
შეთანხმების თანახმად, ვიცე-პრემიერები კოსნიაკ-კამიში და ახალი მემარცხენე კრჟისტოფ გავკოვსკი გახდებიან.