პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკი ვიცე-პრემიერის პოსტზე დააბრუნა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვიცე-პრემიერად ოფიციალურად დანიშნა მმართველი პარტიის, "კანონი და სამართლიანობის" ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი.
კაჩინსკი 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივნისამდე იყო პრემიერ-მინისტრის მოადგილე მატეუშ მორავიეცკის მთავრობაში და მინისტრთა საბჭოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ის მთავრობას უბრუნდება, რათა შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური და ადმინისტრაციული ძალაუფლება გაიმყაროს.
მარიუშ ბლაშჩაკმა, იაცეკ სასინმა და პიოტრ გლინსკიმ დაკარგეს ვიცე-პრემიერის თანამდებობები, მაგრამ რჩებიან მთავრობის წევრებად და თავდაცვის, სახელმწიფო ქონებისა და კულტურის მინისტრებად.
წინა ვიცე-პრემიერებიდან ჰენრიკ კოვალჩიკი, რომელიც რამდენიმე თვის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, უპორტფელო მინისტრი ხდება.
United Surveys-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პოლონელები არც თუ ისე დადებითად არიან განწყობილნი ამ გადაწყვეტილების მიმართ.
გამოკითხულთა თითქმის 60% მიიჩნევს, რომ იაროსლავ კაჩინსკი არ უნდა დაბრუნდეს მთავრობაში. კაჩინსკის მთავრობაში დაბრუნებას მხარს გამოკითხულთა 21.3% უჭერს. გამოკითხულთა მეხუთედზე ოდნავ მეტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს.