პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე არალეგალი მიგრანტების რაოდენობა იზრდება
ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაიზარდა პოლონეთ-ბელორუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობები. ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა ორშაბათს, 15 აპრილს განაცხადა.
უწყების განმარტებით, მხოლოდ გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ასეთი 669 მცდელობა დაფიქსირდა.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა პოლონეთის პრეს სააგენტო PAP-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აპრილში, ბელორუსიდან 3200-ჯერ სცადეს პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ხოლო 2024 წლის დასაწყისიდან - 6500-ჯერ.
მისი განმარტებით, საზღვრის არასანქცირებულ გადაკვეთად ითვლება შემთხვევები, როდესაც მიგრანტებმა გადაკვეთეს ღობე ან სასაზღვრო მდინარე, რის შემდეგაც მათ პოლონეთის ტერიტორიაზე მესაზღვრეები დახვდნენ. "საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა" ასევე მოიცავს უცხოელების პირდაპირ ყოფნას სასაზღვრო ღობეზე, რადგან ის პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
2021 წელს პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის შემდეგ, როდესაც ათასობით მიგრანტი ცდილობდა არალეგალურად შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე, პოლონეთმა საზღვრის მხარეს 5.5 მეტრი სიმაღლის ღობე და ელექტრონული სათვალთვალო სისტემა დაამონტაჟა.
მაშინ ევროკავშირის ქვეყნებმა ალექსანდრ ლუკაშენკა კრიზისული რეგიონებიდან მიგრანტების ევროპის საზღვრამდე მიყვანის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, დასავლეთზე ზეწოლის მიზნით.