პოლონეთში ადგილობრივი არჩევნები აპრილში ჩატარდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 7 აპრილს, ხოლო მეორე ტური - 21 აპრილს ჩატარდება.

ახლდაჩამოყალიბებული პრო-დასავლური კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ადგილობრივი ხელსუფლების გაძლიერებაა, რასაც ყოფილი მმართველი ძალა - „კანონის და სამართლის პარტია ზღუდავდა.

დაძაბულობა ყოფილ მმართველ პარტიასა და ტუსკის მთავრობას შორის დღითიდღე მწვავდება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ახალი კოალიციური მთავრობის მიერ შეთავაზებულ სახელმწიფო მედიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

ტუსკის კაბინეტი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება სახელმწიფო მედია საშუალებებს აგრესიულ პროპაგანდისთვის იყენებდა, რაც „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში წლების განმავლობაში ეხმარებოდა. დონალდ ტუსკის გუნდის მიზანი კი პოლონეთის სახელმწიფო მედიაში ობიექტურობისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენაა.

პოლონეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უთანხმოება სახელმწიფო მედიების საკითხის გარდა, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტმაც გამოიწვია.

ვარშავაში პრეზიდენტის სასახლეში პოლიციამ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, მარიუშ კამინსკი (შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი) და მაჩეი ვოსიკი (შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე) დააკავა.

კამინსკი და ვოსიკი 2007 წელს ანტი-კორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლეს, თუმცა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 2015 წელს მათი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 2023 წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა შეწყალება და განმეორებითი განხილვის ბრძანება გასცა. განხილვის შედეგად, დეკემბერში სასამართლომ მარიუშ კამინსკი და მაჩეი ვოსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აპრილში ჩანიშნული ადგილობრივი არჩევნები დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობისთვის ერთგვარ ტესტს წარმოადგენს - კენჭისყრის შდეგები ცხადყოფს, რამდენად უჭერს პოლონეთის მოსახლეობა მხარს პრო-დასავლური მთავრობის შეთავაზებულ რეფორმებს.

კონტექსტი

საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში 15 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა, 35.4% (194 მანდატი) მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა - PiS“ მოიპოვა. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ფორმირებისთვის პოლონეთის 460 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 231 მანდატის ფლობაა საჭირო, „კანონმა და სამართალმა“ დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.

„კანონი და სამართალი“ 2001 წელს ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ბოლო 8 წელია პოლონეთის ხელისუფლების სათავეში იმყოფება. აღნიშნულ გაერთიანებას პოლონეთში კანონის უზენაესობის აღმოფხვრის, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლის, მედია დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ლგბტ+ თემის მიმართ დამოკიდებულების, დემოკრატიის პრინციპების ხელყოფის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის და ა.შ. და ა.შ. გამო, წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, პირველ რიგში,  თანაპარტიელებს მისცა, თუმცა, მატეუშ მორავიეცკიმ საპარლამენტო მანდატების მქონე სხვა პოლიტიკური პარტიები თანამშრომობის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა და მთავრობის ფორმირების საშუალება „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერს და 2007-2014 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს მიეცა.

დონალდ ტუსკის კოალიციამ, რომელსაც ჯამში 248 მანდატი აქვს, მუშაობა 13 ნოემბერს - პოლონეთის პრეზიდენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები