პუტინი აშხაბადში ირანის ახალ პრეზიდენტს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარასკევს დილით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ჩავიდა საერთაშორისო ფორუმში "დროებისა და ცივილიზაციების ურთიერთობა - მშვიდობისა და განვითარების საფუძველი" მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი ეძღვნება თურქმენი პოეტისა და მოაზროვნის, მაგთიმგული ფრაგის დაბადებიდან 300 წლისთავს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქმენეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რუსეთის ლიდერი "საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად" დააპატიმროს.
თუმცა, თურქმენეთი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასული წლის მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. რუსეთის პრეზიდენტს ბრალად ედება უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაყვანა კიევის მიერ უკონტროლო ტერიტორიებზე.
ორდერის გაცემის შემდეგ პუტინი არ ჩასულა ქვეყნებში, რომლებსაც რატიფიცირებული აქვთ რომის სტატუტი. თუმცა, სექტემბრის დასაწყისში ის ეწვია მონღოლეთს, რომელმაც პუტინი არ დააკავა, მიუხედავად კიევისა და უფლებადამცველების მოწოდებისა.
პარასკევს, აშხაბადის ფორუმის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი პირველად შეხვდა ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს.
ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გამწვავებული სიტუაციის ფონზე მიმდინარეობს. ირანმა ცოტა ხნის წინ ისრაელისკენ 190 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.
ისრაელი ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და ასევე ირანზე საპასუხო თავდასხმისთვის ემზადება. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე რეალურად მხარი დაუჭირა ირანის პოზიციას ისრაელთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, ირანს ადანაშაულებს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში, თეირანი ამას უარყოფს.