Reuters: 2024 წელს აშშ-მ უკრაინას დაპირებულის ნახევარი შეიარაღება მიაწოდა
გასულ წელს შეიარაღების არსებული არსენალიდან აშშ-მ უკრაინას დაპირებულის მხოლოდ ნახევარი შეიარაღება მიაწოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონსა და კონგრესში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში საუბარია თუ როგორ იცვლებოდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ტემპი გასული წლის განმავლობაში, ასევე აღწერილია გადაწყვეტილების მიღების პროცესები სხვადასხვა შეიარაღების გადაცემისა და ამ შეიარაღების გამოყენების შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
ავტორების ცნობით, გარდა იმ 7-თვიანი პერიოდისა, როდესაც უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება კონგრესში ტრამპისტი დეპუტატების წინააღმდეგობის გამო ვერ ხდებოდა, შეიარაღების მიწოდების ტემპი ძალზედ დაბალი იყო ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგაც.
წყაროების ცნობით, 2024 წლის აპრილიდან სექტემბრამდე ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ყოველთვიურად საშუალოდ 558 მილიონი დოლარის შეიარაღებას გამოჰყოფდა. შეიარაღების მიწოდების ტემპი მკვეთრად გაიზარდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად და საშუალოდ ყოველთვრიურად 1.2 მილიარდ დოლარის მოცულობას გაუტოლდა.
მასალაში აღნიშნულია, რომ გასული წლის დეკემბრისთვის უკრაინამ აშშ-სგან დაპირებული ჯავშანტექნიკის მხოლოდ 30% მიიღო.
წყაროების ცნობით, შეირაღების გადაცემის ამგვარი გაჭიანურება განპირობებული იყო არამხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის დისკუსიებით, არამედ ეჭვებით აშშ-ს არსენალების მდგომარეობის შესახებ და ასევე ბიუროკრატიული სირთულეებით.