Reuters: აშშ უკრაინისთვის შეიარაღების ახალ $400 მილიონიან პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის გადასაცემად შეიარაღების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც შესაძლოა 400 მილიონი დოლარი იყოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ცნობით, ახალი პაკეტის შესახებ ადმინისტრაციამ შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს - ეს იქნება პირველი ამერიკული დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, სანამ ახალი დაფინანსება კონგრესში იზოლაციონისტი რესპუბლიკელების გავლენითაა დაბლოკილი. 

კონტექსტი 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯამურად 74 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მათ შორის როგორც მაკრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გათვალისწინებით. 

ნოემბრიდან მოყოლებული იზოლაციონისტურად განწყობილი რესპუბლიკელების ჯგუფი, რომლებიც კონგრესში ბალანსს აკონტროლებენ უარს ამბობენ ახალი დაფინანსების დამტკიცებაზე. 

თავდაპირველად რესპუბლიკელები უკრაინის დახმარების მიღების სანაცვლოდ ბაიდენის ადმინისტრაციისგან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ - დემოკრატიული პარტიის დათმობების მიუხედავად რესპუბლიკელებს პოზიცია არ შეუცვლიათ. 

ამ დროისთვის სენატს უკვე დამტკიცებული აქვს აქტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, თუმცა კონგრესის სპიკერი ამ დრომდე უარს ამბობს გამოიტანოს საკითხი კენჭისყრაზე. 

მსგავსი სიახლეები