რეზნიკოვი: ჩვენი პილოტები F-16-ებით ოთხთვიანი სწავლების შემდეგ იფრენენ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თვლის, რომ უკრაინელი მფრინავები F-16-ზე ფრენის სწავლას სტანდარტულ 6 თვეზე ბევრად სწრაფად შეძლებენ. მას მიაჩნია, რომ უკრაინელები დასავლური გამანადგურებლებით 4 თვეში იფრენენ.
"ყველა საჯაროდ განიხილავს, თუ რა დრო დასჭირდებათ უკრაინელ პილოტებს F-16-ის ფრენის სასწავლად. ეს პერიოდი ცნობილია: ჩვენი ორი პილოტის შეერთებულ შტატებში ტესტირების შემდეგ, ითვლება, რომ ექვს თვემდე საკმარისი იქნება.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენი გამოცდილი პილოტები თავიანთი სურვილითა და ამბიციით აუცილებლად უფრო სწრაფად იფრენენ. ვგულისხმობ არა უბრალოდ ფრენას, არამედ თავისუფლად: მანევრით, ღამით, წყვილებში. ვფიქრობ, ოთხი თვე რეალურია. მე ასე ვფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გავაკვირვოთ. ჩვენ მართლა ასეთები ვართ, ვიცით როგორ ვისწავლოთ." - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა ეკიპაჟებმა CAESAR-ის საარტილერიო სისტემები სამ კვირაში აითვისეს, თუმცა სტანდარტი მინიმუმ სამი თვე იყო: "ფრანგები, პოლონელები აღფრთოვანებულები იყვნენ, რადგან მათ უბრალოდ არ გაიარეს და არ დაასრულეს კურსი, ისინი რეალურად ასრულებდნენ ყველა იმ დავალებას, რაც დასახული იყო ეკიპაჟის წინაშე, რომელიც სამი თვის განმავლობაში უნდა ესწავლათ."
უკრაინელებმა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები 10 კვირაში აითვისეს, თუმცა ეკიპაჟის მომზადების სტანდარტული დრო ათი თვეა.
ამიტომ, მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი მფრინავები F-16-ით ექვს თვეზე უფრო სწრაფად იფრენენ: "თუმცა, მფრინავი თავისით ვერ დაფრინავს, მას სჭირდება ინჟინრები, ტექნიკოსები, ტექნიკური მომსახურება, იარაღის მიმწოდებლები, ტანკერები და სხვა. ეს არის უაღრესად დახვეწილი ტექნიკა. სწავლის ეს კურსი ოთხ თვეზე მეტია. და თუ ჩვენ გვყავს მფრინავები, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად და უფრო სწრაფად სწავლობენ ფრენას, ასეთი ინჟინერი და ტექნიკოსი ცოტაა."
გარდა ამისა, პარალელურად, საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის მომზადება: აეროდრომები და თავშესაფრები.
მისი თქმით, ამ თვითმფრინავების აეროდრომები უკრაინის შიგნით იქნება.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა თვითმფრინავების მიღებას 2024 წლის ახალ წლამდე ვერ შეძლებს.