რეზნიკოვი ისრაელის მოქმედ თავდაცვის მინისტრთან პირველად ისაუბრებს
უახლოეს დღეებში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა შესაძლოა პირველად ისაუბროს ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან. ამ ინფორმაციას Axios 17 ივნისს, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გალანტი და რეზნიკოვი, სავარაუდოდ, ტელეფონით მომავალი კვირის დასაწყისში ისაუბრებენ, რათა უკრაინის არალეტალური იარაღით დახმარება განიხილონ.
სატელეფონო საუბარი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გალანტს 15 ივნისს სთხოვა თავის უკრაინელ კოლეგასთან ესაუბრა.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გალანტი და რეზნიკოვი უახლოეს დღეებში ისაუბრებენ. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანი რეზნიკოვს გერმანიაში, რამდენიმე დღის წინ, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე შეხვდა.
რეზნიკოვს გალანტთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არასოდეს უსაუბრია. პარალელურად, 2022 წლის აპრილში, ოქტომბერსა და ნოემბერში ის ისრაელის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ბენი განცს ესაუბრა.
როგორც Axios აღნიშნავს, მინისტრების საუბარი მნიშვნელოვანია, რადგან ისრაელის მთავრობა უკრაინის ომს ფრთხილად უდგება, იმ იმედით, რომ არ შექმნის დაძაბულობას რუსეთთან და არ დააზარალებს ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებს სირიაში. მაგრამ პენტაგონი თვეებია ითხოვს, რომ ისრაელმა მეტი გააკეთოს კიევის დასახმარებლად.