რეზნიკოვი "რამშტაინ-7"-ის შედეგებზე: თავისუფალი სამყარო ჩვენთანაა, სანამ არ გავიმარჯვებთ

"თავისუფალი სამყარო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე" - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრის ("რამშტაინის" ფორმატი) შემდეგ.

"რამშტაინ-7 რამდენიმე სიტყვით. თავისუფალი სამყარო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. უკრაინის უპირატესობები ახლა: ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა, უკრაინის არმიის უკეთესი მომზადება, თანამედროვე ლოგისტიკა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ახალი ინიციატივებისთვის. გერმანიაში მომავალ შეხვედრამდე შესანიშნავ შედეგებს ველით", - წერს ის.

"რამშტაინის" ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა დღეს ონლაინ ფორმატში გაიმართა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, გახსნის დროს განაცხადა, რომ მოკავშირეები აპირებენ უკრაინას დახმარების "იმპულსი მთელი ზამთრის განმავლობაში შეინარჩუნონ", რათა უკრაინამ "განაგრძოს მიღწევების კონსოლიდაცია და ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში აღება".

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე პრიორიტეტული საკითხი უკრაინის ცის დაცვა იყო.

შეხვედრის შემდეგ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინას რამდენიმე სახელმწიფო ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს, კერძოდ, კანადა, შვედეთი, საბერძნეთი, პოლონეთი და გერმანია.

მსგავსი სიახლეები