რობერტა მეცოლა ხელახლა აირჩიეს ევროპარლამენტის თავმჯდომარედ
ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ, 16 ივლისს, არჩევნების შემდეგ პირველ პლენარულ სხდომაზე, აბსოლუტური უმრავლესობით რობერტა მეცოლა ხელახლა აირჩია პრეზიდენტად.
ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო. მეცოლამ, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიას" წარმოადგენს, 562 ხმა მიიღო.
მისმა ოპონენტმა, მემარცხენე ირინე მონტერომ - მხოლოდ 61 ხმა.
მეცოლა ევროკავშირის საპარლამენტო ორგანოს თავმჯდომარე მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში იქნება. იგი იმავე ვადით 2027 წლის იანვარში შეიძლება ხელახლა აირჩიონ.
არჩევის შემდეგ თავის პირველ გამოსვლაში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ იბრძოლებს "ევროპისთვის, რომელიც იქნება ყველასთვის."
რობერტა მეცოლა, რომელიც მალტას წარმოადგენს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპარლამენტს.
ის იყო ევროკავშირის პირველი მაღალჩინოსანი, ვინც კიევში ჩავიდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.