ამერიკული და ჩინური ზეწოლის ფონზე, მაკრონი ახალი ევროპული სესხის აუცილებლობაზე საუბრობს

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ევროკავშირის როლზე საერთაშორისო პოლიტიკაში, ხელოვნურ ინტელექტზე და ტექნოლოგიების განვითარებაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Le Monde-თან ინტერვიუში ისაუბრა.

9 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა 27 წევრი ქვეყნის ახალ ერთობლივ სასესხო ინიციატივას, რომელიც დააფინანსებს სტრატეგიულ ინვესტიციებს და ევროკავშირს მისცემს საშუალებას, "ებრძოლოს დოლარის ჰეგემონიას." 

"გრენლანდიის კრიზისის" შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს ასევე მოუწოდებს, არ დანებდნენ "ლაჩრულ შვებას," რომელიც მხოლოდ ხანმოკლე იქნება.

იქნება ეს კოვიდ-კრიზისი, უკრაინის ომი თუ დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, თქვენ ყოველთვის "ევროპული ძალის" მომხრე ხართ. გრძნობთ, რომ თქვენი ხმა ესმით?

ბოლო ცხრა წელია, მე უფრო სუვერენული ევროპის ადვოკატი ვარ. ვფიქრობ, კონცეპტუალური ტრანსფორმაცია მოხდა და ჩვენ მივიღეთ ბევრი ისეთი ზომა, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგალითად, შევქმენით ევროპული თავდაცვის ჩარჩო, ერთობლივი დაფინანსებითა და საერთო პროექტებით. ეს იდეოლოგიური ბრძოლა მოვიგეთ. თუმცა, ჩვენ არ ვმოძრაობთ სწორი ტემპით და არ ვმოქმედებთ საჭირო მასშტაბით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ?

დღეს ევროპა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას არეულ სამყაროში. კლიმატის ცვლილება ჩქარდება. აშშ-მა, რომელიც ოდესღაც ჩვენი უსაფრთხოების მუდმივ გარანტად მიიჩნეოდა, ახლა ეჭვები გააჩინა. რუსეთმა, რომელსაც განუსაზღვრელი ვადით უნდა მოეწოდებინა იაფი ენერგია, სამი წლის წინ ეს შეწყვიტა. ხოლო ჩინეთი, რომელიც ბევრისთვის საექსპორტო ბაზარი იყო, სულ უფრო მძაფრი კონკურენტი გახდა.

წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ, მარიო დრაგი გვაფრთხილებდა ევროკავშირის "ნელი სიკვდილის" რისკის შესახებ, თუ არაფერი გაკეთდებოდა. რა ეტაპზე ვართ ახლა?

მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. დღეს ჩინეთს აქვს 1 ტრილიონი დოლარის სავაჭრო პროფიციტი დანარჩენ მსოფლიოსთან - აქედან მესამედი აშშ-ზე მოდის, მესამედი კი ევროპაზე. ამავდროულად, ვაშინგტონმა ტარიფები დაგვიწესა. რეალურად, ჩვენ ორმაგი კრიზისის წინაშე ვართ: სავაჭრო ცუნამი ჩინეთიდან და მყისიერი არასტაბილურობა ამერიკული მხრიდან.

მზად ვართ თუ არა გავხდეთ დიდი ძალა? ამ კითხვის წინაშე ვართ ეკონომიკურ, თავდაცვისა და დემოკრატიის ფრონტზე. ეს ჩვენი "გამოსაფხიზლებელი ზარი" უნდა იყოს. ადრე ამას "სრულწლოვანების მიღწევის მომენტს" ვუწოდებდით.

დღეს ჩვენ, ევროპელები, სრულიად მარტო ვართ. მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენ 450 მილიონი ადამიანი. ჩემთვის ეს ბოლო 70 წლის ევროპული თავგადასავლის უმაღლესი მიღწევაა. ჩვენ გავერთიანდით, რათა აღარ გვეომა, მაგრამ ყოველთვის ვუკრძალავდით საკუთარ თავს ძალაუფლებაზე ერთობლივად ფიქრს. მიზეზი მარტივი იყო: 1945 წლამდე ძალაუფლება ჩვენს შორის სამოქალაქო ომს ნიშნავდა.

რას გვირჩევთ?

გამარტივებას - რაც უკვე დავიწყეთ ისეთი კანონპროექტებით, როგორიცაა "სიფხიზლის ვალდებულება" და ერთიანი ბაზრის გაღრმავება. ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა "28-ე რეჟიმით" [რომლის მიზანია ევროპული ბიზნეს-სამართლის კოდექსის შექმნა], კაპიტალის ბაზრების კავშირით, ჩვენი ელექტროქსელების ინტეგრაციით... ჩვენი კომპანიებისთვის შიდა ბაზარი არ შეიძლება იყოს 27 ცალკეული ბაზარი; ის, თავისი არსით, 450 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ერთიანი ბაზარი უნდა იყოს.

მეორე სვეტი არის დივერსიფიკაცია - ახალი სავაჭრო პარტნიორობების ჩამოყალიბება, როგორც ეს ახლახან ინდოეთთან გავაკეთეთ. ეს სტრატეგია ზრდის დამატებით წყაროს გვაძლევს და ასევე საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულებები; ეს კარგი სტრატეგიაა.

Le Monde-ის ფოტო, 9 თებერვალი, 2026 წელი

თუმცა საფრანგეთი ევროკავშირსა და მერკოსურს (სამხრეთ ამერიკული ქვეყნების გაერთიანება - რედ.) შორის სავაჭრო შეთანხმების  წინააღმდეგი იყო. ეს პარადოქსი არ არის?

მერკოსურთან შეთანხმება ცუდია. ეს არის ძველი, ცუდად მოლაპარაკებული შეთანხმება. მას არც ის დრამატული გავლენა ექნება ჩვენს სოფლის მეურნეობაზე, რისიც ზოგს ეშინია, და არც ის პოზიტიური ეფექტი ზრდაზე, რასაც სხვები წარმოიდგენენ.

გვჭირდება მეტი პროტექციონიზმი?

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინდუსტრია. ამას აკეთებენ ჩინელებიც და ამერიკელებიც. ევროპა ამჟამად ყველაზე ღია ბაზარია მსოფლიოში. ამის გათვალისწინებით, საქმე ეხება არა პროტექციონისტობას, არამედ თანმიმდევრულობას - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ უნდა დავუწესოთ ჩვენს მწარმოებლებს ისეთი წესები, რომლებსაც არ ვუწესებთ არაევროპელ იმპორტიორებს.

ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვეული სექტორების დაცვა ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესებით (რომლებიც ზედმეტ სუბსიდიებს იღებენ) ან ფოლადზე დამცავი პუნქტების შემოღებით. ავტოინდუსტრიის გეგმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ წარადგინა, ასევე აჩვენებს უპირატესობის მინიჭებას ევროპული წარმოების პროდუქციისთვის.

ჩვენ არ მოვითხოვთ ევროპულ პრიორიტეტს მობილური ტელეფონების შემთხვევაში, რადგან მათ ევროპაში აღარ ვაწარმოებთ. ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია გარკვეულ სტრატეგიულ სექტორებზე, როგორიცაა სუფთა ტექნოლოგიები, ქიმიური მრეწველობა, ფოლადი, ავტოწარმოება და თავდაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპელები გვერდზე იქნებიან გაწეულნი. ეს თავდაცვითი ღონისძიებაა, მაგრამ ის აუცილებელია, რადგან ჩვენ ვუპირისპირდებით არაკეთილსინდისიერ კონკურენტებს, რომლებიც აღარ სცემენ პატივს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს.

კონკრეტულად რისთვისაა საჭირო ინვესტიცია?

დღეს სამი ბრძოლა გვაქვს: უსაფრთხოება და თავდაცვა, ტექნოლოგიები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ და ხელოვნური ინტელექტი/კვანტური გამოთვლები. თუ ევროკავშირი მომდევნო 3-5 წელიწადში არაფერს მოიმოქმედებს, ამ სექტორებში განადგურდება. ეს უნდა იყოს ერთობლივი ინვესტიცია. მარიო დრაგის შეფასებით, მწვანე და ციფრული ტექნოლოგიებისთვის საჭიროა წელიწადში 800 მილიარდი ევრო, თავდაცვის ჩათვლით კი - 1.2 ტრილიონი ევრო.

როგორ დაფინანსდება ეს?

ჯერ ჩვენი დანაზოგების რეორიენტაციაა საჭირო. ევროპაში გვაქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაზოგი - 30 ტრილიონი ევრო. მაგრამ ამით ჩვენი ვალები ფინანსდება და დანარჩენი თანხა საზღვარგარეთ მიდის. ყოველწლიურად 300 მილიარდი ევროთი ამერიკულ კომპანიებს აფინანსებს.

ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული ბიუჯეტი შეზღუდულია, ახლაა დრო, ამ მომავალზე ორიენტირებული ხარჯებისთვის აამოქმედდეს ერთობლივი სესხების აღების მექანიზმი: მომავალზე ფოკუსირებული ევრობონდები. ევროკავშირს სჭირდება მასშტაბური პროგრამები საუკეთესო პროექტების დასაფინანსებლად.

თქვენ მოუწოდებთ ევროპას ახალი საერთო ვალის აღებისკენ, მაგრამ ხომ არ დაინახავს ამაში ზოგიერთი იმ ტვირთის ევროკავშირზე გადატანის მცდელობას, რომლის ზიდვაც თავად საფრანგეთს აღარ შეუძლია მისი საჯარო ფინანსების მდგომარეობიდან გამომდინარე?

მართალია, ეროვნული ბიუჯეტები შეზღუდულია ჩვენი შესაძლებლობით, მოვარგოთ კეთილდღეობის მოდელები მოსახლეობის დაბერების პროცესს. ამ გამოწვევის წინაშე ყველა ევროპელი დადგა. საფრანგეთის სირთულე ისაა, რომ მას არასოდეს ჰქონია ისეთი დაბალანსებული მოდელი, როგორიც ზოგიერთ ჩრდილოურ ეკონომიკას, რომლებიც უფრო მეტად პასუხისმგებლობის გრძნობაზეა დაფუძნებული. და ბევრის რწმენის საწინააღმდეგოდ, მას არასოდეს გამოუცდია მკაცრი ეკონომიის (ქამრების შემოჭერის - რედ.) პოლიტიკა. ჩვენ არასოდეს განგვიხორციელებია ისეთი რეფორმები, როგორიც 2010-იან წლებში პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა თუ საბერძნეთში გატარდა და რომელთა სარგებელსაც ისინი ახლა სრულად იმკიან.

ბოლო წლებში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია. საჭიროა ბევრად სწრაფად მოძრაობა და ბევრად შორს წასვლა. მე გავატარე საპენსიო რეფორმა, თუმცა მან ფართო კონსენსუსს ვერ მიაღწია. დავიწყე საპენსიო ასაკის გაზრდა. თავდაპირველად 2027 წლისთვის დაწესებული ვადა ერთი წლით გადავწიეთ; ახლა ეს იქნება 2028 წელი. თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

როგორ დაარწმუნებთ გერმანიას და სხვა წევრებს, რომლებიც ევრობონდების წინააღმდეგნი არიან?

პირველ რიგში, ნათლად ვთქვათ: ეს არანაირად არ ეხება წარსული ვალების გაერთიანებას. ბაზრებს სურთ ევროპული ვალი, მაგრამ ჩვენ მას საკმარისად ვერ ვაწვდით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც დოლარის დომინირებასაც წინააღმდეგობას გაუწევს. მსოფლიო ბაზარი სულ უფრო მეტად უფრთხის ამერიკულ ვალუტას და ეძებს ალტერნატივებს. შევთავაზოთ მათ ევროპული ვალი. გარდა ამისა, ევროკავშირს უფრო ნაკლები ვალი აქვს, აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით. ტექნოლოგიური ინვესტიციების რბოლაში ამ რესურსის გამოუყენებლობა სერიოზული შეცდომაა.

ევროპელებმა გამოიჩინეს გარკვეული სიმტკიცე დონალდ ტრამპის საპასუხოდ, როდესაც ის გრენლანდიის მითვისებითა და ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, ტარიფების გაზრდით იმუქრებოდა. უნდა ველოდოთ თუ არა ამ სიმტკიცის ხელახალ გაღვიძებას?

კრიზისის პიკის დასასრულს იგრძნობოდა "ლაჩრული შვება." ზუსტად ისე, როგორც 2025 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტარიფების შესახებ. იყო მუქარა და დაშინება. შემდეგ კი, მოულოდნელად, ვაშინგტონმა უკან დაიხია. ხალხმა იფიქრა, რომ ყველაფერი დასრულდა. მაგრამ ნუ დაიჯერებთ ამას არცერთი წამით. ყოველდღიურად არის მუქარა ფარმაცევტულ სექტორზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე...

როდესაც ადგილი აქვს აშკარა აგრესიას, ვფიქრობ, არ უნდა დავხაროთ თავი ან ვეძებოთ კომპრომისი. ჩვენ ეს სტრატეგია თვეების განმავლობაში ვცადეთ. მას შედეგი არ მოაქვს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამას სტრატეგიულად ევროპა უფრო მეტ დამოკიდებულებამდე მიჰყავს. ავიღოთ, მაგალითად, ენერგეტიკა: ჩვენ რუსეთზე დამოკიდებულება ჩავანაცვლეთ აშშ-ზე დამოკიდებულებით, რომელიც ახლა ჩვენი თხევადი ბუნებრივი აირის 60%-ს გვაწვდის.

მომავლის საბრძოლო საჰაერო სისტემის (FCAS) პროექტი საფრანგეთსა და გერმანიას შორის, როგორც ჩანს, სირთულეებს აწყდება. მკვდარია ეს პროექტი?

არა. ეს კარგი პროექტია და გერმანელებისგან არ მიმიღია რაიმე მინიშნება, რაც საპირისპიროზე იმეტყველებდა. როდესაც ინდუსტრიის ლიდერები განხეთქილების შეტანას ცდილობენ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენი როლი ამის მხარდაჭერა არ არის. ჩვენ ამას კვლავ განვიხილავთ [კანცლერ] ფრიდრიხ მერცთან. რაც მე მეხება, ყველაფერი წინ უნდა წავიდეს. სხვათა შორის, იგივე ხდება ერთობლივ საბრძოლო ტანკთან დაკავშირებითაც. რადგან, წარმოიდგინეთ, გერმანელმა პარტნიორმა ერთობლივი თვითმფრინავის პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენოს, ჩვენც მოგვიწევს ერთობლივი ტანკის პროექტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

ის, რასაც ახლა FCAS-ის შემთხვევაში განვიცდი, უკვე გამოვიარე [ევროპული რაკეტის] Ariane-6-ის დროს. ყოველ კვირას მესმოდა: "გერმანელები ფულს არ დადებენ, ყველაფერი დასრულდა, ეს კატასტროფაა." მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

მსგავსი სიახლეები