რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
15 ივლისს ხუთი ჩინური ხომალდი იაპონიის ზღვისკენ გაემართა, რათა რუსეთთან ერთობლივ წვრთნებში მიიღოს მონაწილეობა. ამ ინფორმაციას Reuters 16 ივლისს ავრცელებს.
ჩინური ონლაინ გამოცემა Global Times-ის ცნობით, წვრთნებში რუსეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო ძალების წარმომადგენლები.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი წვრთნების მიზანი "სტრატეგიული საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა."
"მანევრები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების კოორდინაციის პოტენციალის და შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე უპასუხონ სხვადასხვა უსაფრთხოების გამოწვევებს," - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ.
პეკინის სამხედრო კვლევითი ცენტრის თანამშრომლის ჟოუ ჩენმინგის თქმით, "აშშ ცდილობს იაპონია და სამხრეთ კორეა, ისევე როგორც მისი სხვა მოკავშირეები და პარტნიორები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რუსეთისა და ჩინეთის იზოლირების მცდელობებში ჩართოს."
"ჩინეთისა და რუსეთის კიდევ უფრო ფართო იზოლაცია ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უბიძგებს, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ," - თქვა ჟოუმ.