რუსეთის მოქალაქეობაზე კიდევ ერთმა მილიარდერმა თქვა უარი

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ყველაზე მდიდარი რუსების ჩამონათვალი ნელი ტემპით, მაგრამ მცირდება.

ამის მიზეზი, მხოლოდ ეკონომიკაში არსებული პრობლემები არ არის და პირველ რიგში სანქციებთან დაკავშირებულ პროცესებია, რომლის თავიდან არიდებაც არაერთ რუსეთის მოქალაქეს სურს.

იგორ მაკაროვი, რომლის ქონებაც 2,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, მეექვსე მილიარდერია, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა დათმო და მხოლოდ კვიპროსის დაიტოვა. მაკაროვი ნავთობის სექტორში საქმიანობდა და ყველაზე მდიდარი რუსების ჩამონათვალში 57-ე ადგილს იკავებდა. 

რუსს მილიარდერს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მას შემდგომი გართულებებისგან თავის არიდება სურს.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად კვიპროსში, იტალიასა და ამერიკაში ცხოვრობს, რამდენიმე ქვეყნისგან - მათ შორის გაერთიანებული სამეფოსგან, სანქცია უკვე მიიღო. 

ერთ-ერთი პირველი რუსი მილიარდერი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა, ოლეგ ტინკოვი იყო, რომელიც ომის სასტიკი მოწინააღმდეგეა. მან რუსეთში არსებული ყველა აქტივი დაბალ ფასად გაყიდა. 

მის გარდა, მოქალაქეობაზე უარი თქვეს ტიმურ ტურლოვმა, იური მილნერმა, ნიკოლაი სტორონსკიმ და რუბენ ვარდანიანმა. ეს უკანასკნელი, მოკლე დროით, არაღიარებული ყარაბახის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 

2022 წლის მონაცემის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი 4,306-მა პირმა განცხადა.

29 ივნისს, ეკონომისტმა ანდრეი მოვჩანმა, რომელიც მოქალაქეობაზე უარი განაცხადა, საკუთარ ფეისბუქზე შემდეგი წერილი გამოაქვეყნა:"ჩემო ძვირფასო, ერთდროს საყვარელო... შენ მე მიმიღე, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ისეთი, როგორიც შენ გინდოდა - შენ მოგწონს სასტიკები, უბრალოები, 100% ლოიალურები, ყოველთვის მზად ხელების დასაკოცნად და შენს გამო ვიღაცის უკითხავად მოსაკალავად." 

 

მსგავსი სიახლეები