რუსეთმა ბირთვული სამხედრო სწავლებები შემოდგომიდან თებერვალში გადმოიტანა - FT

 

აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სარდლობა და დაზვერვის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თებერვალში რუსეთმა შესაძლოა მსხვილმასშტაბიიანი კიდევ ერთი სამხედრო წვრთნები ჩაატაროს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით. 

ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Financial Times აშშ-ის კონგრესში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის გეგმების შესახებ კონგრესში, დახურულ სხდომაზე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ და ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ერვილ ჰეინსმა ისაუბრეს. 

FT-ის მასალაში აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნებს რუსეთი როგორც წესი წლის მიწურულს, შემოდგომაზე ატარებს. კონგრესში მიიჩნევენ, რომ წვრთნების თებერვალში გადმოტანა ვლადიმირ პუტინისგან ნატოსთვის გაგზავნილ ერთგვარ სიგნალს წარმოადგენს, რომ ალიანსმა თავი შეიკავოს უკრაინის დახმარებისგან. 

საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. მიუხედავად ამისა, გასული წლის 21 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი წლის დასაწყისში სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს გამართავდა

სტოკჰოლმში განთავსებული მსოფლიო პრობლემების შესწავლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის მსოფლიოში სულ 13 080 ერთეული ბირთვული იარაღია. 

არსებული ინფორმაციით რუსეთის განკარგულებაშია 4 500-მდე ბირთვული რაკეტა. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, უკრაინის საზღვართან სამხედრო კონცენტრაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის მონაწილეობით სამხედრო წვრთნების ჩატარება უკიდურესად მტრული სიგნალი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები