რუსეთში შესაძლოა არალეგალური მიგრანტების ამნისტია მოხდეს
რუსეთში შეიძლება მოხდეს იმ შრომითი მიგრანტების ამნისტია, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს შრომისა და მიგრაციის კანონმდებლობის სფეროში. ეს ღონისძიება განიხილება იმ მიგრანტთა რეესტრის შექმნისთვის, რომლებსაც ვადაგასული დოკუმენტები აქვთ ან ქვეყნიდან დეპორტირებული არიან.
ამის შესახებ Коммерсант ხუთშაბათს, 29 აგვისტოს წერს.
კონტროლირებად პირთა რეესტრი მიგრაციის კონტროლის გამკაცრების კანონპროექტების პაკეტის ფარგლებში, 2025 წლიდან შეიქმნება.
გამოცემის ცნობით, მიგრაციის პოლიტიკის სამთავრობო კომისიის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ გოროვოიმ განაცხადა, რომ "ვერც ერთი IT ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს ყველა დამნაშავის მონაცემთა ბაზაში ერთდროულად ჩართვას."
მას მიაჩნია, რომ "უფრო გონივრული იქნება" ამნისტიის მიღება იმ მიგრანტებისთვის, რომლებმაც შედარებით მცირე დანაშაული ჩაიდინეს.
ФСБ-ს კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა ვლადისლავ მენშჩიკოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერენ სადაზვერვო სამსახურებიც.
ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთში დაახლოებით 630 ათასი არალეგალური მიგრანტია. ძირითადად, მიგრანტებმა ეს სტატუსი ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევის, ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან უკანონო საქმიანობის გამო მიიღეს.