საფრანგეთი და გერმანია რუსეთს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებენ
საფრანგეთი და გერმანია რუსეთს "ნორმანდიის ფორმატის" მოლაპარაკებების შესახებ კონფიდენციალური დოკუმენტების გამჟღავნებაში სდებენ ბრალს.
2014 წელს დაფუძნებული "ნორმანდიის ფორმატი", რომელიც უკრაინას, რუსეთს, გერმანიას და საფრანგეთს აერთიანებს, უკრაინის დონბასის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასარეგულირებლად შეიქმნა.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა რუსეთის მიერ ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში სამიტზე არ დასწრება გააკრიტიკა და უარყო კრემლის ბრალდება, რომ „ნორმანდიის“ ქვეყნები მის შეთავაზებებს არ ითვალისწინებენ.
საპასუხოდ კი მოსკოვმა 28-გვერდიანი კონფიდენციალური კორესპონდენცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამიტზე არ დასწრების შესახებ მხარეებს წინასწარ შეატყობინა.
„კრემლის ქმედებას დიპლომატიური წესების და ჩვეულების დარღვევად მივიჩნევთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ან-კლერ ლეჟანდრმა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა გერმანიის დიპლომატიურმა უწყებამაც.
უკრაინამ რუსეთს ნორმანდიის პროცესის „ძირისგამოთხრაში“ დასდო ბრალი.
2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტის შედეგად დონბასის რეგიონის ორმა - ლუგანსკის და დონეცკის - პროვინციებმა "უკრაინისგან დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. რუსეთი დონბასელი სეპარატისტებისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას უარყოფს.