საფრანგეთი: კოკაინის მიწოდება რეკორდულ მასშტაბს აღწევს
საფრანგეთის ნარკოტიკებისა და დამოკიდებულების ტენდენციების ობსერვატორიის (OFDT) ინფორმაციით, საფრანგეთში ბოლო 20 წელიწადში კოკაინის დისტრიბუია მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კოკაინის ბაზარზე გაზრდილი მიწოდება გლობალური ტრენდის ნაწილია. გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში 1 982 ტონა კოკაინი აწარმოეს, როცა 2010 წელს ეს მაჩვენებელი 1 134 ტონას შეადგენდა.
OFTD-ის თანახმად, მოხმარება განსაკუთრებით მზარდია ევროპაში, სადაც კოკაინს ამჟამად 3.5 მილიონი რეგულარული მომხმარებელი ჰყავს. აქედან 600 ათასი საფრანგეთზე მოდის, მაშინ როცა 2010 წელს საფრანგეთში კოკაინს რეგულარულად 400 ათასი ადამიანი მოიხმარდა.
შესაბამისად, გაზრდილია პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკის როდენობაც - თუ 2010-2020 წლებში საფრანგეთის პოლიცია წელიწადში საშუალოდ 11 ტონას პოულობდა, 2020 წელს 27.7 ტონა ამოიღეს.
OFTD-ის დირექტორის მოადგილის, ივანა ობრადოვიჩის თანახმად, ამის მიზეზი კოკაინის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. 2022 წელს ერთი გრამი კოკაინი საფრანგეთი 50-70 ევრო ღირდა, პროდუქტის სიწმინდე კი არ ნახულ ნიშნულს, 72%-ს აღწევდა.
გარდა ამისა, ნარკოდილერები ბაზრის მოთხოვნებს უკეთ ერგებიან - მათ უკვე დაიწყეს კოკაინის 10 ევროიან დოზებად გაყიდვა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული კვლევის თანახმად, კოკაინის მოხმარება ახალგაზრდებში შემცირებულია. საფრანგეთში 2000-დან 2014 წლამდე 17 წლამდე მოზარდებში კოკაინის მოხმარება გასამმაგებული იყო (0.9%-დან 3.2%-მდე). 2014-დან 2022 წლამდე კი ამის ნახევარიც აღარაა - როგორც აღმოჩნდა, კოკაინი 17 წლამდე ფრანგების 1.4%-ს გაუსინჯავს.