საფრანგეთი რამდენიმე რუს ჟურნალისტს ოლიმპიადაზე დასწრების უფლებას არ აძლევს
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ათეულ უცხოელს დასწრების უფლებაზე უარი უთხრა. აკრძალვა შეეხო დაახლოებით ას ადამიანს რუსეთიდან, ბელორუსიიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან.
ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა 20 ივლისს, Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან განმარტა, რომ საუბარია უცხოელებზე, რომლებსაც 2024 წლის ოლიმპიადაზე ჟურნალისტების, ფიზიოთერაპევტის ან ტექნიკური პერსონალის საფარქვეშ სურდათ ჩასვლა.
"ისინი ალბათ აქ არ იქნებიან თავდასხმების განსახორციელებლად. მაგრამ, გარდა დაზვერვისა და ტრადიციული ჯაშუშობისა, უნდა გვახსოვდეს კიბერშეტევების განსახორციელებლად კომპიუტერულ ქსელებში შესვლის საშუალებები," - აღნიშნა დარმანინმა.
ამავე დროს, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მომუშავე რუსებს მიეცათ თამაშებში მონაწილეობის უფლება.
"ჩვენ უარი ვუთხარით ბევრ "ჟურნალისტს", რომლებიც აცხადებდნენ, რომ თამაშების გაშუქება სურდათ. მეორე მხრივ, ჩვენ დავუშვით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მომუშავე რუსები. სიფრთხილის პრინციპიდან გამოვდივართ," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მთლიანობაში, ჟერალდ დარმანინის თქმით, სადაზვერვო სამსახურებმა 960 ათასი დოსიე შეამოწმეს და 4340 ადამიანს, მათ შორის მოხალისეებს, სტადიონის მუშაკებს და სპორტული დელეგაციების წევრებს, უარი ეთქვათ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მუშაობაზე.
საუბარია ტერორისტებზე, ისლამისტებზე, მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალ აქტივისტებზე, ასევე მათზე, ვინც ადრე ნასამართლევი იყო.
26 ივლისს, პარიზში, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 15 რუსი და 16 ბელორუსი სპორტსმენი მიიღებს და ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებს.