საფრანგეთში ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

 

ფრანგი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

საუდელი დისიდენტი, გამოცემა Washington Post-ის თანამშრომელი ხაშოგი 2018 წელს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს, მისი გვამი კი დაანაწევრეს.

ფრანგული მხარემ ეჭვმიტანილი თურქი სამართალდამცავების გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავა.  

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მოქალაქე ხალიდ აიზ ალ-ოტაიბი პარიზთან ახლოს, რუასის აეროპორტში დააკავეს.

2018 წელს აშშ-ს ხაზინამ ალ-ოტაიბის - სხვა საუდელ მაღალჩინოსნებთან ერთად - ხაშოგის მკვლელობაზე „პასუხისმგებლობის გამო“ სანქციები დაუწესა.

„[დაკავება] სამართლის აღსრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია...აუცილებელია, რომ პასუხი აგონ იმ პირებმაც, ვინც ჯამალის მხეცურად მკვლელობის ბრძანება გასცეს, მათ შორის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმაც“, - განაცხადა მოკლულის მეუღლემ, ჰათიჯე ჩენგიზმა.

პარიზში საუდის არაბეთის საელჩოს განცხადებით, დაკავებულ საუდელს ხაშოგის მკვლელობასთან „საერთო არაფერი აქვს“. საელჩოს თქმით, საუდის არაბეთში ხაშოგის საქმეში ბრალდებულები უკვე გასამართლდნენ და ყველა დამნაშავემ პასუხი აგო.

 


თურქეთი ხაშოგის სასტიკ მკვლელობაში ბრალს საუდის არაბეთის სპეცსამსახურებს სდებს. ამერიკული დაზვერვის თანახმად, საიდუმლო სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, მუჰამად ბინ სალმანიც.

საუდის არაბეთის გავლენიანი პრინცი დასავლეთში გაფუჭებული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს. შაბათს ბინ სალმანს ერ-რიადში ვიზიტად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეწვია, რაც ხაშოგის მკვლელობის შემდეგ საუდის არაბეთში პირველი დასავლელი ლიდერის ვიზიტი იყო.

 

განახლება: დაკავებული პირი საფრანგეთის პოლიციამ გაათავისუფლა. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებული საუდის არაბეთის მოქალაქე შეცდომით ამოიცნეს და ის ხალიდ ალ-ოტაიბი არ არის.

მსგავსი სიახლეები