სალივანთან დაუანონსებელი შეხვედრის შემდეგ ვან ი რუსეთში გაემგზავრა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან დაუნანონსებელი შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში 4-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა. 

ვან ი და ჯეიკ სალივანის შეხვედრა კუნძულ მალტაზე გაიმართა - სავარაუდოა, რომ შეხვედრა სი ძინფინგისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის მოსამზადებელ საკითხებს მიეძღვნა. 

სავარაუდოდ ამავე საკითხს უკავშირდება ვან ის ვიზიტი რუსეთში - არსებული ცნობებით, ვლადიმირ პუტინისა და სი ძინფინგის შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება. ვლადიმირ პუტინი ჩინეთის "ერთი გზა, ერთი სარტყელის" ეკონომიკური პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. 

ეს ვლადიმირ პუტინის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება, მას შემდეგ რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. 

რაც შეეხება სი ძინფინგისა და ჯო ბაიდენის შეხვედრას შესაძლოა ეს სან-ფრანცისკოში აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შედგეს. 

საყურადღებოა, რომ ეს ვან ის და ჯეიკ სალივანის მეორე დაუნანსებელი შეხვედრაა - პირველად ისინი ერთმანეთს მიმდინარე წლის მაისში, ვენაში შეხვდნენ. მაშინ შეხვედრის მიზანი ჩინეთის კუთვნილი აეროსტატის სკანდალის გამო გაწყვეტილი კომუნიკაციის აღდგენა იყო. 

ვან ის და სალივანის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთისა და ამერიკის ორმხრივი კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა - მაისიდან მოყოლებული ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო, ხაზინის, ვაჭრობის მდივნები და  პრეზიდენტის წარმომადგენელი კლიმატის ცვლილებების საკითხში. 

პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი სი ძინფინგს ერთადერთხელ 2022 წლის ოქტომბერში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდა. 

მალტაში გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ტაივანის სრუტეში. 

თავის მხრივ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნათქვამია, რომ ვან იმ ყურადღება გაამახვილა ტაივანის საკითხზე, როგორც ჩინეთის მიერ დაწესებულ წითელ ხაზზე. 

გასულ უქმეებზე ტაივანის მახლობლად კვლავ გამოჩნდნა ჩინეთი სახალხო გათავისუფლების არმიის ათობით გამანადგურებელი და სამხედრო გემი. 

მოსალოდნელია, რომ ვან ი მოსკოვში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდება. 

 

 

მსგავსი სიახლეები