სამხრეთ აფრიკაში ხანძარს 73 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის ცენტრში, ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 73 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 52 დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა 31 აგვისტოს განაცხადა.
მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება, დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ხანძარი იოჰანესბურგის ცენტრში მდებარე ხუთსართულიან შენობაში ღამით გაჩნდა. მაშველებმა ათობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სახლში ხანძრის გაჩენის დროს უცნობია.
ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ხანძარი მაცხოვრებლების მიერ უკანონოდ დაკავებულ შენობაში გაჩნდა. ასეთ სახლებში ელექტროენერგია არ არის და ხანძარი, სავარაუდოდ, სანთლის ან გაზის ანთებამ გამოიწვია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის.
იოჰანესბურგის ცენტრალური ნაწილი მიტოვებულია და საშიშად ითვლება. ცენტრალურ რაიონებში დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის გამო, კომპანიები და მაღაზიები მრავალი წლის წინ გადავიდნენ გარეუბნებში და ქალაქის ცენტრში შენობები ცარიელია, ბევრ მათგანს უსახლკაროები იყენებენ. ამ სახლების ფასის დაცემის გამო მეპატრონეები მათ განახლებაზე უარს ამბობენ.