სამხრეთ კორეა ჯერ არ განიხილავს უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების მიწოდებას

სამხრეთ კორეა არ განიხილავს უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების პირდაპირ მიწოდების შესაძლებლობას.

ამის შესახებ სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

სააგენტომ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მიწოდების შესაძლებლობა არ განიხილება და ასევე განმარტა, რომ მსგავსი მოთხოვნა უკრაინული მხრიდან არ შემოსულა.

ასევე ნათქვამია, რომ სეული ამ კვირაში უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს სამხრეთ კორეაში კიევის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით, რადგან ქვეყნები გეგმავენ ზომების გაძლიერებას რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების დისლოცირების საპასუხოდ.

"უკრაინულ მხარეს დასჭირდება ერთი-ორი დღე სპეციალური წარმომადგენლის დასანიშნად და აქ ვიზიტისა და დისკუსიების გეგმის დასასრულებლად," - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით.

სამხრეთ კორეა განიხილავს გუნდის გაგზავნას, რომელიც დააკვირდება ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აქტივობას ბრძოლის ველზე, რათა შეაფასოს უსაფრთხოების პოტენციური რისკები.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერის თქმით, ჩრდილოეთ კორეის "რამდენიმე ათასი" სამხედრო რუსეთის კურსკის ოლქისკენ მიემართება, მათი გარკვეული რაოდენობა უკვე ადგილზეა.

28 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შენაერთები კურსკის ოლქში შევიდნენ. მან მოვლენების ასეთ განვითარებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის "მნიშვნელოვანი ესკალაცია" უწოდა.

მსგავსი სიახლეები