სანამ ლუკაშენკა ხელისუფლებაშია, მინსკში არ ჩავალ - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, პარლამენტში გამოსვლისას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ/CSTO) თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ბელარუსში არ ჩავლენ, სანამ ამ ქვეყანას ლუკაშენკა მართავს.
ფაშინიანის განცხადებით, როდესაც ОДКБ-ს ერთ-ერთი ქვეყნის [ბელარუსის] ხელმძღვანელი ღიად აცხადებდა, რომ ჩართული იყო ამ ომის [2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომი] სამზადისში, ამხნევებდა და წარმატებას უსურვებდა აზერბაიჯანულ მხარეს, მასთან განსახილველი არაფერი აქვს.
"მე ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელორუსში არ გავემგზავრები, სანამ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკა იქნება, და, ზოგადად, ვაცხადებ, რომ ამიერიდან, სომხეთის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ წავა ბელარუსში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკა მაისში აზერბაიჯანს სტუმრობდა. ის იხსენებდა, რომ განმათავისუფლებელ ომამდე, პრეზიდენტ ალიევთან ერთად "სადილობისას ფილოსოფიურად განიხილავდნენ" ამ საკითხს - "დავფიქრდი და გავიხსენე ჩვენი საუბარი ომის წინ, თქვენი განმათავისუფლებელი ომის წინ, როცა ჩვენ ორნი, სადილობისას, ფილოსოფიურად განვიხილავდით ამ საკითხს. მაშინ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამ ომში გამარჯვება შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამარჯვების შენარჩუნება" - განაცხადა ლუკაშენკამ
12 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, პარლამენტში გამოსვლისას, ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატთან კამათისას განაცხადა, რომ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან" (ОДКБ/CSTO) გავლენ - "ჩვენ გამოვალთ, ამით თქვენ მე მაშინებთ? ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს, ჩვენ გადავწყვეტთ, თუ როდის გამოვალთ" - უპასუხა პრემიერ-მინისტრმა" - განაცხადა ფაშინიანმა
პარლამენტში გამოსვლისას, ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ორგანიზაციიდან გამოსვლა დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა წევრად ბელარუსი ან მოუხდის თუ არა ლუკაშენკო სომხეთის მოქალაქეებს ბოდიშს.
2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/CSTO) წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.