სანდუ: რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა
მიუხედავად რუსული თავდასხმებისა, რომელთაც მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაში, ისევე როგორც ელექტროენერგიის მასიური გათიშვა უკრაინასა და მოლდოვაში, მოლდოვას არჩევანია დარჩეს თავისუფალ სამყაროში. დაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 23 ნოემბერს ფეისბუქზე.
მისი თქმით, კიშინიოვი არ ენდობა მოსკოვის რეჟიმს, რომელიც ზოგიერთ ადამიანს კლავს, ზოგს კი სინათლისა და გათბობის გარეშე ტოვებს.
“რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. უკრაინაში რუსეთის ომი ხალხს კლავს, რაკეტებით ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინაზე თავდასხმები გრძელდება. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის რესპუბლიკის სამომავლო გზა, თავისუფალ სამყაროში დარჩენაა", - წერს სანდუ.
23 ნოემბერს მოლდოვაში, უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის გამო, ელექტროენერგია მასიურად გაითიშა. ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ანდრეი სპინუმ თავის Telegram-ზე დაწერა.
"დღეს ჩვენთან 15 ნოემბრის სიტუაცია განმეორდა. რუსეთის მიერ ბოლო საათში უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვის შემდეგ, ჩვენ განვიცდით ელექტროენერგიის მასიურ შეწყვეტას მთელი ქვეყნის მასშტაბით. Moldelectrica მუშაობს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად." - თქვა მან.