სანქციების ფონზე ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა – Financial Times
ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამის შესახებ Financial Times 7 ნოემბერს წერს.
გამოცემის ცნობით, ივნისიდან აგვისტომდე რუსული საქონლის იმპორტი წლიური 24%-ით შემცირდა. ამან ყოველთვიური იმპორტის 4.5 მილიარდი დოლარით შემცირება გამოიწვია.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ვაჭრობა ევროკავშირთან 43%-ით შემცირდა, ჩინეთთან კი 23%-ით გაიზარდა.
Financial Times აღნიშნავს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემების დიდი ნაწილის გამოქვეყნება. მაგრამ ჟურნალისტებმა გაანალიზეს ჩინეთის ოფიციალური ანგარიშები.
ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის ღირებულება რუსეთთან ოქტომბერში 35%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ზრდა უფრო დაბალია, ვიდრე წინა სამ თვეში, ეს ჩინეთის საგარეო ვაჭრობის შემცირების საერთო ტენდენციისგან მნიშვნელოვანი განსხვავებაა.