ჰარისმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, ტრამპმა კი ორჯერ თავი აარიდა პასუხს - საპრეზიდენტო დებატები
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა რუსეთთან ომში უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. დებატების წამყვანის კითხვაზე, გსურთ თუ არა უკრაინის გამარჯვება ომში, ტრამპმა ორჯერ აარიდა პირდაპირ პასუხს თავი და თქვა, რომ ომის დასრულება აშშ-ის ინტერესებში შედის.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მას შეეძლო უკრაინაში ომის დასრულება მანამდეც კი, სანამ თანამდებობას დაიკავებდა: "რას გავაკეთებ, ერთს დაველაპარაკები, მეორეს დაველაპარაკები, მათ შევკრებ."
მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 250-დან 275 მილიარდ დოლარამდე დახმარება გაუწია, მაშინ როცა ევროპულმა ქვეყნებმა მხოლოდ 100-150 მილიარდი დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკრაინასთან უფრო ახლოს არიან.
"მე მინდა, რომ ომი შეწყდეს. მე მინდა გადავარჩინო სიცოცხლეები, რომლებიც იკარგება - მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს ბევრად უარესია, ვიდრე ის რიცხვები, რომლებიც თქვენ იღებთ, რომლებიც მცდარია. პუტინთანაც და ზელენსკისთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი პატივს მცემენ და არც ბაიდენს სცემენ პატივს და არც მასთან ურთიერთობენ. ჩვენ ახლა ცეცხლს ვეთამაშებით მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით." - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტრამპმა გაიხსენა, რომ პუტინს აქვს ბირთვული იარაღი და შეიძლება გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ის.
რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა ასევე გაიმეორა ცრუ განცხადება, რომ ჰარისი პუტინთან მოსალაპარაკებლად გაგზავნეს, რათა თავიდან აეცილებინა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.
"მე მჯერა, რომ მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ეს ომი 24 საათში დასრულდება, არის ის, რომ ის უბრალოდ დანებდება. მაგრამ ჩვენ ამერიკელები ასეთები არ ვართ.
ზელენსკის შევხვდი რამდენიმე დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. მე მას გავუზიარე ამერიკული სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო თავი დაცვა. რამდენიმე დღის შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე წავედი პოლონეთსა და რუმინეთში. ჩვენ გავაერთიანეთ 50 ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენი მხარდაჭერის, საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, არტილერიის, Javelin-ები, Abrams-ის ტანკების წყალობით, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უნარი.
ჩვენ გვესმის ნატოს მნიშვნელობა და რა გავაკეთეთ უკრაინელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი კიევში იქნებოდა და გადახედავდა დანარჩენ ევროპას, პოლონეთიდან დაწყებული." - განაცხადა კამალა ჰარისმა.