სავარაუდოდ, ისრაელი და ჰამასი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწევენ - Axios

ისრაელის მთავრობა გეგმავს კენჭი უყაროს კატარის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას ისრაელსა და ჰამასს შორის, რომლითაც ათობით მძევალი გათავისუფლდება და რამდენიმე დღით ცეცხლი შეწყდება.

ამის შესახებ Axios წერს.

თუ შეთანხმება განხორციელდება, ეს იქნება ყველაზე დიდი დიპლომატიური მიღწევა ჰამასის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.

მოლაპარაკებების უშუალო მცოდნე ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი გაათავისუფლებს ისრაელში მყოფ სამ პალესტინელ პატიმარს ჰამასის მიერ გათავისუფლებული თითოეული ისრაელელი მძევლისთვის.

ორფაზიანი შეთანხმების პირველ ეტაპზე ჰამასი სავარაუდოდ გაათავისუფლებს ღაზაში მყოფ 50 ებრაელ ქალსა და ბავშვს, ხოლო ისრაელი - დაახლოებით 150 პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და არასრულწლოვანებს. ისრაელის მძევლებიდან ზოგიერთი ორმაგი მოქალაქეა.

მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების პირველ ეტაპზე ღაზაში ცეცხლი ოთხი დღის განმავლობაში შეწყდება.

ისრაელელი ოფიციალური პირის თქმით, ისრაელი არ გაათავისუფლებს პალესტინელ პატიმრებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ისრაელის მოქალაქეების მკვლელობაში. მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში, პატიმრების სახელები გახდება ცნობილი, რათა ისრაელის მოქალაქეებმა სასამართლოში მათი გათავისუფლება გაასაჩივრონ.

შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი ღაზაში ეგვიპტიდან დღეში დაახლოებით 300 ჰუმანტარული დახმარების ავტომობილს შეუშვებს. ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, საბრძოლო პაუზის დროს ასევე მეტი საწვავი შევა.

მეორე ეტაპზე, ჰამასს კიდევ ათობით ქალს, ბავშვს და მოხუცს გაათავისუფლებს, სანაცვლოდ, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტა კიდევ რამდენიმე დღით უნდა გაახანგრძლივოს.

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისრაელი მზადაა ყოველი 10 მძევლის გათავისუფლებისთვის კიდევ ერთი დღით შეაჩეროს ომი.

შეთანხმების ფარგლებში, პაუზის დღეებში ისრაელი ხელს შეუშლის პალესტინელების დაბრუნებას სამხრეთ ღაზადან ჩრდილოეთ ნაწილში.

მსგავსი სიახლეები