სენატში რესპუბლიკელების ლიდერი: უკრაინის დაფინანსების საკითხს მომავალ კვირას განვიხილავთ
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ სენატი მომავალ კვირას განიხილავს ორპარტიულ შეთანხმებას უკრაინის დაფინანსებისა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ.
ამის შესახებ The Hill წერს.
მაკკონელმა აღნიშნა, რომ დემოკრატები აკონტროლებენ სენატის დღის წესრიგს, მაგრამ მან თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ მომლაპარაკებლები უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ საზღვრის უსაფრთხოებაზე შეთანხმებას: "ჩემი ვარაუდი ისაა, რომ ჩვენ ამ საკითხს სენატში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განვიხილავთ."
ამავდროულად, მაკკონელმა თქვა, რომ რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა არ უნდა გაუშვან შესაძლებლობა, მიიღონ კანონების პაკეტი, რომელიც მიმართულია ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების აღმოფხვრაზე, თავშესაფრის მიღების შესახებ კანონმდებლობის რეფორმირებაზე და მიგრანტების ქვეყნიდან დეპორტაციაზე ადმინისტრაციის უფლებამოსილებაზე: "ეს არის უნიკალური შესაძლებლობა რაღაცის მისაღწევად. ორპარტიულ მთავრობაში, რაც არ მოხდებოდა ერთი პარტიის მმართველობის პირობებში."
მაკკონელმა ასევე აღიარა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას და სენატის დემოკრატებს მოუწევთ დათმობა არალეგალი მიგრანტების პირობით გათავისუფლების საკითხზე, მაგრამ გამოთქვა რწმენა, რომ ორივე მხარე საბოლოოდ კომპრომისს მიაღწევს: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ ძლიერ პაკეტს საზღვრის შესახებ. მე ველი, რომ ის მომავალ კვირას იქნება."
ამასთან, მაკკონელმა თქვა, რომ თუნდაც რესპუბლიკელებმა 2024 წლის არჩევნების შემდეგ თეთრ სახლზე, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე მოიპოვონ კონტროლი, ისინი დიდი ალბათობით ვერ განახორციელებენ რეფორმებს სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში, რადგან სენატში კანონების უმეტესობისთვის 60 ხმის მიღებაა საჭირო.
სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ "ჩვენ უფრო ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე ვიყავით."
დასამტკიცებელი პაკეტი მოიცავს 60 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის, 14 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და 14 მილიარდ დოლარს სამხრეთ საზღვრის დაცვასთვის.